თბილისში ბულგარეთის მსხვილი საინვესტიციო ფონდის მფლობელი იმყოფებოდა

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის „Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი ცვეტელინა ბორისლავოვა იმყოფებოდა.

ბულგარელ სტუმარს საქართველოში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მასპინძლობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ცვეტელინა ბორისლავოვა გაეცნო საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს.

ბულგარელი სტუმარი საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს. შეხვედრებისას, ასევე განხილული იყო საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტების შორის არსებული საბორნე მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე. აღინიშნა, რომ ქართველ გადამზიდავებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ კორპორაცია BACB-ის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრებით, რომელთაგან ერთ-ერთი ბალკანეთში მდებარეობს.

ცვეტელინა ბორისლავოვა ასევე წარმოადგენს აღნიშნულ კორპორაციას. ვიზიტის დროს საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირ საავიაციო მიმოსვლასაც შეეხო.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ჰოლდინგი ასევე მოიცავს ტურისტულ კომპანიას, რომელიც ბულგარეთში რამდენიმე კურორტს ფლობს. მისი განცხადებით, საუბარი იყო პარტნიორობაზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებსა და ბულგარეთის კურორტებს შორის, რათა გაიყიდოს ერთიანი პაკეტები.

საინვესტიციო ფონდი „Clever Synergies Investment Fund“-ი, რომლის მფლობელიცაა ცვეტელინა ბორისლავოვა, ბულგარეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო გაერთიანებაა. მისი ინტერესის არეალშია ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორიცაა საპორტო ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, უძრავი ქონება, განახლებადი ენერგია, აგროსექტორი და მრეწველობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები