ჩეხეთის ელჩმა თინა ხიდაშელს ჩეხეთის ახალი თავდაცვის ატაშე წარუდგინა

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მომავალ კვირას ჩეხეთში თინათინ ხიდაშელის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ტომაშ პერნიცკიმ თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალი თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი წარუდგინა.

„საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშეა ჩამოსული. გვქონდა გაცნობითი შეხვედრა. მომავალ კვირას დაგეგმილია ჩემი და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი პრაღაში. შევხვდებით ჩეხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვექნება სპეციალური ტური, რომლის დროსაც ჩეხეთის სამხედრო ინდუსტრიას გავეცნობით. ველოდებით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულ ვიზიტს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ჩეხმა დიპლომატმა თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრი პრაღაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. შეხვედრა შედგება ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი იარაღის მწარმოებელ კომპანიებსაც ესტუმრება, იგეგმება სამხედრო წვრთნებზე დასწრებაც. ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაა. ჩეხეთის რესპუბლიკა ყველა სახის იარაღს აწარმოებს და შეუძლია, ქართულ მხარეს ამ მიმართულებით თანამშრომლობა შესთავაზოს. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ჩეხეთის რესპუბლიკის ჩართულობასაც შევეხეთ. ამჟამად, საქართველოში 16 ჩეხი დამკვირვებელია ჩამოსული. ჩვენი მონიტორები აქტიურად მუშაობენ მცხეთის, გორისა და ზუგდიდის საველე ოფისებში, ასევე თბილისში, მისიის შტაბ-ბინაში. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის საკითხიც განვიხილეთ. ჩეხეთის რესპუბლიკა, ისევე როგორც ვიშეგრადის დანარჩენი ქვეყნები, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია. შეხვედრის ერთ-ერთი თემა, რა თქმა უნდა, იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ძირითად ჯგუფში ჩეხეთის მხარის ჩართულობა“,- განაცხადა ტომაშ პერნიცკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები