კახა კალაძე: დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ

“კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლით”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზრის კვლევა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მიმართულებით ძალიან შრომატევადი სამუშაოები ჩატარდა.
“ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხებათ, მათ ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოოდ მომხმარებლისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ, მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ. კითხვაზე, ნავთობკომპანიები აპირებენ ჩივილს, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია და ეს მათი უფლებაა. “ხელის შეშლას არავინ აპირებს. მათი უფლებაა და შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში”, – განაცხადა კახა კალაძემ. კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. შედეგად, კონკურენციის სააგენტომ სამართალდამრღვევ ეკონომიკურ აგენტებს დააკისრა ჯარიმა დაახლოებით, 55 მილიონი ლარის ოდენობით.

უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკურ აგენტებს დააკისრათ ჯარიმა შემდეგი ოდენობით – “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” – 14 381 385 ლარი, “სან პეტროლიუმ ჯორჯია” – 11 267 384 ლარი, “რომპეტროლ საქართველო”- 10 845 806 ლარი, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10 426 393 ლარი, “ლუკოილ-ჯორჯია” – 4 740 260, “L ოილი” – 1 209 890 ლარი, ასევე 200-200 ლარით დაჯარიმდნენ – შპს “აარონი”, “პარტნიორი ბათუმი”, “ტრანს სერვისი”, “ენ სერვისი”, “დიდუბე 2009”, ი/მ სარიდონ ჯიჯეიშვილი, შპს “MG”, “აჭარა პარტნიორი”, “პარტნიორი 2010”, “პარტნიორი”, “ჯი პლიუსი”, შპს “T4”, “რომ კომპანი” , შპს “გიგო”, “ნორექსი”, “სტ ოილი”, “საბ პერტოლი”, “ლ&მ”, “ქსილისი”, “იბერკომპანი პეტროლიუმი”, “ჯეო სერვისი”, “ბრენდ ოილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები