შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ვიტალი შ, 1987 წელს დაბადებული გელა ღ. და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული, ნაზიმ კ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით ახალციხის რაიონში დააკავეს, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტაისია კ-ს ბრალი წარედგინა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ვიტალი შ. და გელა ღ. გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და ნაზიმ კ-ს და ტაისია კ-ს მცირეწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაყვანას ცდილობდნენ.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა-1 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები