პაატა ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მძიმე და რთული იყო
ის განცხადებები, რაც გაკეთდა გარედან, ჩანს, რომ იყო რთული, მძიმე შეხვედრა და გარკვეულწილად, პოზიციები დაფიქსირდა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება, – ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად შეხვედრის სიმძიმისა, ეს არის ფორმატი, რომელიც დღეს მაქსიმუმია და რომელიც უნდა შენარჩუნდეს.
ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოვლენილი პროვოკაციები, არავითარ ლოგიკურ ქმედებაში არ ჯდება.
“არაფერი საფუძველი არ არსებობდა დღეს, რათა ეს ბანერი გაჩენილიყო იქ, სადაც გაჩნდა. აშკარაა, რომ ეს იყო პროვოკაციული ნაბიჯი. საქართველო ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება და მსოფლიო ყურადღებას იპრყობს და ყოველთვის რუსეთი ამ ტიპის ღონისძიებების წინ ახორციელებს ასეთ პროვოკაციას. მიმაჩნია, რომ რუსეთის ეს ქცევა არანაირად არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც საქართველო სთავაზობს მას, რათა დალაგდეს ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ და ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველი ნაბიჯი გადადგმულია სახელმწიფოს ინტერესებიდან და არანაირ დათმობას ადგილი არა აქვს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.