გრიგორი კარასინი: ჩვენ დაინტერესებულები ვართ, ორმხრივი ურთიერთობების პროცესი ნორმალურ რიტმში განვითარდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია, ორმხრივი ურთიერთობების პროცესი ნორმალურ რიტმში განვითარდეს. ამის შესახებ კარასინმა ადმინისტრაციულ საზღვართან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ორივე მხარემ დეტალურად განიხილა. როგორც კარასინმა აღნიშნა, შეთანხმდნენ, რომ მსგავსი პრობლემები უნდა განიხილონ იმ ფორმატში, რომლებიც ასეთი სიტუაციებისთვის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სახით შეიქმნა.
“სწორედ იქ, უახლოეს დღეებში ამ ინციდენტს დეტალურად განიხილავენ და გაკეთდება ყველაფერი, რომ მსგავსმა ემოციურმა აფეთქებებმა არ შეუშალონ ხელი კონკრეტულ სამუშაოებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით მიმდინარეობს.
ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდეს ნორმალურ რიტმში, რომ არ მოხდეს მკვეთრი უკან დახევა, რომ თანამშრომლობის და ურთიერთგაგების ატმოსფერომ გზა გაიკვალოს ამ პოლიტიკური, ემოციური და მედიაინტრიგების ფონზე”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
გრიგორი კარასინის კომენტარის თარგმანი “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.