ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს აწერენ ჯანდაცვის მინისტრი მინისტრი დავით სერგეენკო და ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, პრევენციისა და მკურნალობის სამწლიანი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ჯანდაცვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის ბიუჯეტი შეადგეს 1 100 000 ევროს და პროექტი ორი ამოცანისგან შედგება:
1. სამეგრელოს რეგიონში ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
2. საქართველოში ბავშვთა ლეიკემიის მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა.
სამინისტროს ცნობით, პროექტის პირველი ამოცანა ითვალისწინებს სამეგრელოს რეგიონში, ქ. ზუგდიდში ონკოლოგიური სკრინინგ ცენტრისთვის შენობის შერჩევასა და მის ფუნქციონირებას. სკრინინგ ცენტრში პაციენტებს ჩაუტარდებათ პრევენციული მამოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები, რომლის მიზანია, ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და ადრეულ გამოვლენა (პირველადი ძუძუს კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო). ამავდროულად, ცენტრის სამედიცინო პერსონალი იმუშავებს ონკოლოგიურ დაავადებებზე ადგილობრივი ქალების ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მეორე ამოცანა ითვალისწინებს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით; ასევე – სასწავლო პროგრამის განხორციელებას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალისთვის, რომელიც ლაბორატორიის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს დაეხმარება ბავშვთა ლეიკემიის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდებზე ცოდნის გაღრმავებასა და მიწოდებული სამედიცინო აპარატურის გამოყენებაში.
პროექტი ასევე ითვალისწინებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ლაბორატორიის გარემონტებასა და აღნიშნული ლაბორატორიისთვის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) დანადგარის შესყიდვას.