სექტემბრიდან ბაგა-ბაღებს ფსიქოლოგი ეყოლებათ
სექტემბრიდან ბაგა-ბაღებს ფსიქოლოგი ეყოლებათ ახალი სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგის შტატი დაემატება – განცხადება ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გააკეთა.
ტალიაშვილის განცხადებით, გარდა ამ სიახლისა, სიახლეა ისიც, რომ სექტებერში ქალაქს 2 ახალი ბაგა-ბაღი შეემატება. პარალელურად მიმდინარეობს 5 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომლიდანაც 4 იანვარში შევა ექსპლუატაციაში.
„გასულ წელთან შედარებით ჩვენ 4 ათასი ბავშვით მეტს ვემსახურებით. პირველი ივლისიდან დღემდე ბაგა-ბაღებში ჩასარიცხად 10 000 ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. საჯარო ბაღები თბილისის მთელ მოსახლეობას სრულად ვერ დააკმაყოფილებს. სხვადასხვა ბაგა-ბაღის რებილიტაცია ჩატარდა, დაემატა ჯგუფები. სექტემბერში ორი ახალი ბაგა- ბაღი შეგვემატება. ამ დროისთვის 5 ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. იანვარში 4 ახალი ბაგა-ბაღი შევა ექსპლუატაციაში, მთლიანობაში კი 9 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. წელს ჩვენ საზაფხულო ბაგა-ბაღებიც შევთავაზეთ მოქალაქეებს, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და ყველა რაიონში გაიხსნა. გარდა ამისა, ბაღებში ფსიქოლოგების შტატების დამატებაც მიმდინარეობს. სექტემბრიდან უკვე ბაღებს ფსიქოლოგებიც ეყოლებათ. ყველაზე დეფიციტური ბაღები ისანში, ნაძალადევში, გლდანში და სამგორის რაიონებშია და ახალი ბაღების მშენებლობაც სწორედ ამ რაიონებში მიმდინარეობს. რაც შეეხება განახლებულ ბაღებს, განახლებული ბაღები ნაძალადევსა და ჩუღურეთში გაიხსნება“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.