2018 წლისთვის დედაქალაქი შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გახდება
თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით გაიწერება 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქი სრულად ადაპტირებული გახდება. დავალება დავით ნარმანიამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე საბჭოს წევრებს მისცა.
გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პირველი სხდომის შედეგები შეაჯამეს. განიხილეს შშმ პირთათვის სივრცის მოწყობისა და დაგეგმარების შესახებ დადგენილების აღსრულებისა და მონიტორინგის საკითხები (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის 41-ე დადგენილება). ასევე, იმსჯელეს თბილისში ინკლუზიური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და ყრუ და სმენადაქვეითებულ პირთა ევროპის ჩემპიონატში ჭიდაობაში თანამონაწილეობის საკითხებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, როდესაც შევქმენით საბჭო. მიხარია, რომ ეს არის ქმედითი ორგანო, სადაც აქტიურად იხილება ის თემები, რომლებიც დგას დღის წესრიგში და შშმ პირებისთვის პრობლემურ და საჭირო საკითხებს წარმოადგენს“,- განაცხადა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა რატი იონათამიშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო საკრებულოს დადგენილებით 2015 წლის თებერვალში შეიქმნა. ორგანოს თბილისის მერი ხელმძღვანელობს და მასში 9 საქალაქო სამსახურის პირველი პირი და შშმ პირთა ორგანიზაციების 11 წარმომადგენელი შედის.