გიორგი ქადაგიძე: ჩვენი რეკომენდაცია დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას, ასევე ლარის გაცვლით კურსს

„ ჩვენი რეკომენდაცია არის მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირება, რაც დაეხმარება როგორც ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2015 წლის კორექტირებულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით ბიუჯეტის კორექტირებას, ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვსაუბრობდით, რომ საჭიროა ბიუჯეტის კორექტირება. წარმოდგენილი ცვლილებები, ჩვენი აზრით, საკმარისი არ არის. ის არ ასახავს იმ გამოწვევებსა და რეალობას, რაც ქვეყანაშია. ჩვენი რეკომენდაცია არის მიმდინარე და ბიუროკრატიის ხარჯების უფრო მეტად შემცირება, რაც დაეხმარება როგორც ზოგადად, ეკონომიკურ ზრდას, ასევე, რა თქმა უნდა, ლარის გაცვლით კურსს. უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ გვაქვს უფრო დიდი და მდიდარი სახელმწიფო აპარატი და ბიუროკრატია, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას შეუძლია ეს აიტანოს და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ყველა პარამეტრზე. ამიტომ ჩვენი მთავარი რჩევა, რომელიც ბიუჯეტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაშია, არის ის, რომ შემცირდეს მიმდინარე და ბიუროკრატიის აპარატის შენახვის ხარჯები. ეს არის მთავარი ჩვენი საზრუნავი იქამდე, ვიდრე არ მოვახერხებთ იმ ფუნდამენტური ფაქტორების აღმოფხვრას და შემომავალი ფულადი ნაკადების გაზრდას, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, გზავნილები”, – განაცხადა ქადაგიძემ.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს სესხები აქვს დოლარში, მათ სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად გაუძვირდათ და ეს, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს ასევე სხვა მაკროეკონომიკურ პარამენტრებში. “თუ ჩვენ გვინდა, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ლარის კურსზე, მაშინ როდესაც სხვა შემომავალი ნაკადები მცირდება, მაშინ მთავარი დოკუმენტი და ამის მთავარი იარაღი არის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ბიუჯეტი. დღევანდელი ბიუჯეტი ამას არ ითვალისწინებს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები