კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის – ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის – ვახტანგ მაჭავარიანის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მუსიკალური საზოგადოებისთვის.
„სხვადასხვა წელს ვახტანგ მაჭავარიანი თანამშრომლობდა მსოფლიოს 80-ზე მეტ სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან. მათ შორისაა ლონდონის სამეფო ფილარმონიის ორკესტრი, საფრანგეთის და ბელგიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრები, გერმანიის წამყვანი სიმფონიური და რადიო სიმფონიურ ორკესტრები, შტუტგარტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ისრაელის სიმფონიური ორკესტრი, თურქეთის საპრეზიდენტო და იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები, სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრი, მოსკოვის დიდი თეატრი. იყო ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელი. 2018 წლიდან იყო ლიანა ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალის, „ღამის სერენადების“ მთავარი დირიჟორი.
მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და მინიჭებული აქვს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საპატიო დირიჟორის წოდება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.