პროკურორისა და ადვოკატის ინფორმაციით, რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს
რიგითმა სპეცრაზმელებმა მამხილებელი ჩვენება მისცეს და განაცხადეს, რომ ბოლო წუთამდე სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც ვაზაგაშვილი და ხუბულოვი დაიღუპნენ, ინფორმაციას არ ფლობდნენ, – ამის შესახებ დახურული სასამართლოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა და ადვოკატმა განუცხადეს.
ადვოკატ იაგო სოხაშვილის თქმით, სპეცრაზმელებმა სიმართლე თქვეს, რაც მოხდა სპეცოპერაციის დროს. მისივე ცნობით, ოთხმა რიგითმა სპეცრაზმელმა თავისი როლი აღწერა სპეცოპერაციაში.
“ბრლადებულების ჩვენება იდენტური იყო იმ 3 ბრალდებულის ჩვენებისა, რომლებმაც წინა სხდომაზე ჩვენება მისცეს“,-აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულთა ჩვენებების თანახმად, მათი გამოყვანა სპეცოპერაციაზე და შემდეგ მასში მონაწილეობა ემსახურებოდა მათი მხრიდან ბრძანების შესრულებას.
“დეტალებს ვერ ვიტყვი, რადგან დახურული პროცესი იყო, თუმცა მათი ჩვენება რადიკალურად განსხვავდება იმ სურათისგან, რაც 2006 წელს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის იქნა მიწოდებული. ბოლო წუთამდე რიგითი სპეცრაზმელებისთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მათი გადაწყვეტილება ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით მათი ხელმძღვანელი პირების მიერ მიღებულ ბრძანებას ემსახურება”, – განაცხადა პროკურორმა.
ამირან გულუაშვილმა განმარტა, რომ სპეცრაზმელი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საჯარო მოხელე, ვალდებულია, შეასრულოს ხელმძღვანელის დავალება კანონის ფარგლებში.
“არც ერთი პირი ვალდებული არ არის, მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება და შეასრულოს უკანონო ბრძანება.
მათ ბოლო წუთამდე არ იცოდნენ, სანამ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, რა ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. შემდგომში ბოლო სტადიაზე მოხდა ინფორმირება, რაში მონაწილეობდნენ დაახლოებით. რაც შეეხება ბრძანებას, მათი ჩვენებით, ბრძანება ხელმძღვანელობამ გასცა. ბრალდების მხარის პოზიციით, ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილოს მიმართულებით ცეცხლასასროლი იარაღიდან ნაწარმოები სროლები არ შეესაბამებოდა კანონიერ საფუძველს. არანაირი საფრთხე იმ ავტომობილიდან არ მოდიოდა და არცერთ პირს არ ჰქონდა უფლება გაეხსნა ცეცხლი ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისთვის. მათ მიმართ ცეცხლის გახსნა ემსახურებოდა მათ ლიკვიდაციას”, – განაცხადა პროკურორმა.
სასამართლო 20 აგვისტოს, 11:00 საათზე გაგრძელდება.