„ახუნდოვის სახლის” არტ-გალერეამ „მზის შვილების“ დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა – ვიდეო
აზერბაიჯანული კულტურის სახლმა “ახუნდოვ ჰაუსმა” პოლონურ-ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილების” მიერ განხორციელებულ დასკვნით პროექტს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყო, ასევე – პროექტის პრეზენტაცია და ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების მოკლე ვიდეოკოლაჟი.
როგორც “მზის შვილების” დამფუძნებელმა ინგა ლოლაძემ “კვირას” განუცხადა, პროექტის, „ჩვენ და ჩვენი თვალით დანახული სამყაროს“ მიზანი შშმ პირების, კერძოდ, დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი ფსიქორეაბილიტაცია, საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირების ამაღლება, ლოიალური და ჯანსაღი ურთიერთობის დამკვიდრება, ამ ბავშვების თვისებებისა და უნარების წარმოჩენაა.
ღონისძიებას „ჩვენ და ჩვენი თვალით დანახული სამყარო“ სამთავრობო, არასამთავრობო, ბიზნესის, კერძო სექტორისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსებიოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. საღამოს საპატიო სტუმარი იყო პირველი ლედი მაკა ჩიჩუა. როგორც მაკა ჩიჩუამ განაცხადა, მისთვის შთამბეჭდავია შშმ ბავშვების ნამუშევრები და მათ მიერ შერჩეული კომპოზიციები. “ორგანიზაცია “მზის შვილების” მიერ მოწყობილი გამოფენა, სადაც 5-6 წლის ბავშვების ნამუშევრებია გამოტანილი, არაჩვეულებრივია. გაოგნებული ვარ, რომ 5 წლის ბავშვმა შეიძლება ასე იგრძნოს კომპოზიცია, ფერი, ფორმა და შემოგვთავაზოს არაჩვეულებრივი ხედვა. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილებს”, რომ შეძლეს და ამ ბავშვებს ასეთი დღესასწაული მოუწყეს”,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ. გამოფენას “ახუნდოვ ჰაუსის” არტგალერეამ უმასპინძლა. როგორც არტ-გალერეის დირექტორმა არჩილ ბეჟანიშვილმა “კვირას” განუცხადა, მსგავს ღონისძიებას პირველად მასპინძლობს “ახუნდოვის სახლი” და მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს იმ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლადაა მიმართული. “ჩვენთვის ასეთი ტიპის ღონისძიება პირველია და მოხარულები ვართ, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტის მასპინძლები ჩვენ ვართ. ნამდვილად საშური საქმეა ის, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია “მზის შვილები” ახორციელებენ. ჩვენ მსგავს გამოფენას მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს”, – განაცხადა არჩილ ბეჟანიშვილმა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი პორტალი “კვირა” იყო.