მეცნიერებმა ახალდაბის მეწყრის შესწავლა დაასრულეს – მეწყერსაშიში ზონების მდგომარეობა და საფრთხეები

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა ახალდაბის მეწყრის შესწავლა და ანალიზი დაასრულა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა სუხიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გარკვეულ ადგილებზე მეწყრის საფრთხეები ამ დრომდე შენარჩუნებულია, დარჩენილი მასები კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის ან მიწისძვრის შემთხვევაში ჩამოიშალოს.
ლაშა სუხიშვილის განმარტებით, წყნეთი – ბეთანიის და ჯავახეთის ყოფილი გზის თავზე დაახლოებით 186 კუბუტი მეტრი მასალაა მოძრაობაში მოსული, თუმცა ამ ეტაპპზე გაჩერებულია, მაგრამ ამ გზის აღდგენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული.
„ ჩვენ ახალდაბის მეწყრის შესწავლა და ანალიზი დავასრულეთ. მთლიანად ახალდაბის დიდ მეწყერზე დაძრულია 1, 300 000 კუბური მეტრი სხეული, აქედან დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი ჩასულია ან მდინარე ვერეში ან ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას. გარკვეულ ადგილებზე საფრთხეები ამ დრომდე შენარჩუნებულია, ასეთ ადგილებზე დაახლოებით 360 000 კუბური მეტრი სხეულია დარჩენილი რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოძრაობაში მოვიდეს. ეტაპობრივი ჩამოსვლა მოხდება მათი, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს წვიმა, მიწისძვრა, ეროზია ან გრავიტაცია. წყნეთი – ბეთანიის და ჯავახეთის ყოფილი გზის თავზე დაახლოებით 186 კუბუტი მეტრი მასალაა მოძრაობაში მოსული, თუმცა ამ ეტაპზე გაჩერებულია. იმ გზის აღდგენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება წყნეთი – ახალდაბის გზის მონაკვეთს, ამ გზის თავზე მოქცეულია 130 000 კუბური მეტრი მასალა და დამატებულია ზედა უბანზე დარჩენილი მოცულობა. აქ უხვი ნალექის შემთხვევაში ღვარცოფული ნაკადის საფრთხე შენარჩუნებულია. ჯამში, მეწყრის ფართობი 31,5 ჰექტარი გამოვიდა, ხოლო სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია, უშულოდ იმ უბნის სიგრძე, საიდანაც ხდება მოწყვეტა და შემდეგ ქვედა უბნების დაზარალება კი ერთი კილომეტრია. ეს საკმაოდ დიდი მეწყერია. მისი ვარდნა 800 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკმაოდ დიდი ენერგიის შეძენა შეუძლია“,- განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ჯგუფმა ასევე გრუნტის და ძირითადი ქანის თვისებები შეისწავლა. შესწავლის თანახმად, სუხიშვილის თქმით, დაახლოებით ათ მეტრ სიღრმემდე ეს ძირითადი ქანი საკმაოდ გამოფიტულია, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება გზის აღდგენის შემთხვევაში მშენებლებისთვის, თუ როგორ უნდა დაგეგმონ კონსტრუქციები.
„ იმ შემთხვევაში, თუ გზის აღდგენა უკვე არსებული ძველი გზის მსგავსად მოხდება, არის საფრთხე, რომ ჯერ დაუძრავი და გაუაქტიურებელი უბნები აღდგენილი გზის საფარზე ჩამოვიდეს“,- აღნიშნა სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები