ესპანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრს ხოსე მანუელ სორიას შეხვდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ტურიზმისა და განახლებადი ენერგიების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, ორი ქვეყნის მინისტრებმა სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„შევთანხმდით, რომ ესპანეთიდან მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ერთობლივი ოფიციალური დელეგაცია ეწვევა საქართველოს და გვექნება ტურიზმის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები. ესპანეთს ამ სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება – მაგალითისთვის ვიტყვი, რომ გასულ წელს 60 მილიონი ტურისტი ეწვია ამ ქვეყანას, რაც ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. მათ აქვთ იმგვარად მოწყობილი სპეციალური ინსტიტუტები, რომ კერძო სექტორისა და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა. ასევე აქვთ ძალიან მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები განახლებადი ენერგიების მიმართულებით, რომელსაც გაგვიზიარებენ და, ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თანამშრომლობა ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხოსე მანუელ სორიას განცხადებით, ესპანეთს აქვს უზარმაზარი სივრცე, რათა გარკვეულ სფეროებში საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობები გაღრმავდეს.
„ჩვენუზარმაზარი სივრცე გვაქვს, რათა გარკვეულ სფეროებში საქართველოსთან თანამშრომლობა და ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს ეხება ტურიზმის საკითხებს, ენერგეტიკას და ინფრასტრუქტურას. დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ამასთანავე, ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე. ამაში ჩართულია ბევრი ესპანური კომპანიაც, რათა უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები“, – აღნიშნა ესპანეთის სამეფოს ტურიზმის, ენერგეტიკისა და მრეწველობის მინისტრმა ხოსე მანუელ სორიამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ვაჭრობის სახელმწიფო მდივანს, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს ხელმძღვანელს და მსხვილი ესპანური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.