სკოლისთვის მზაობის პროგრამის მთავარი არსი – გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებები და რეკომენდაციები
„სასკოლო მზაობის საყოველთაო, უფასო წელი ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის მათ უკეთ მომზადებას ხელს შეუწყობს“, – ამის შესახებ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა მაია ქურციკიძემ, საშა გრაუმანმა და ანა ჯანელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ პრესკონფერენციაზე განმარტა, სკოლისათვის ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონმა, რომელიც ახლა მუშავდება, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სტანდარტების მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს.
ქურციკიძემ სკოლამდელი მომზადების პროგრამის დადებით მხარეებსა და პროგრამის მთავარი არსიის შესახებაც ისაუბრა.
„ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს გააცნო სკოლისათვის მზაობის პროგრამა, რათა ხელი შეეწყოს მის სრულ განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროგრამა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შემუშავდა, საშუალებას მისცემს ბავშვებს, კიდევ ერთი წლის მანძილზე მომწიფდნენ განვითარების ყველა სფეროში და შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ სკოლაში წარმატებაში დაეხმარება. ექვს წლამდე ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია თამაში და ძლიერი კავშირი ბავშვსა და მასწავლებელს, სკოლასა და ოჯახს შორის. სკოლისათვის მზაობის პროგრამის მთავარი არსია: – სწავლის წახალისება თამაშით და ინდივიდუალური მიდგომით ისე, რომ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები უკეთ იყოს გათვალისწინებული; სოციალურ-ემოციური და სააზროვნო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომლებიც დაეხმარება ბავშვებს, უკეთ მომზადებულები შეხვდნენ პირველი კლასის გამოწვევებს სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი უფრო სტრუქტურიზებულია და მოითხოვს ახალი წესების მორჩილებას; ყველა ბავშვის პოტენციალის რეალიზება მისი განვითარების, ასაკის, ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება, ადეკვატური გარემო და სასაწავლო მასალა, რომელიც აუცილებელია მის დასაწყებად“,- აღნიშნა მაია ქურციკიძემ.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში საშა გრაუმანმა განმარტა, შარშანდელი ივლისიდან „იუნისეფის“ დახმარებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა სკოლისათვის მზაობის სასწავლო გეგმა, რომელიც ადრეულ ასაკში სწავლებისა და განვითარების სტანდარტებს ემყარება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტები კარგად გაეცნონ აღნიშნულ პროგრამას და ის ადგილებზე დანერგონ. პროგრამის წარმატებული განხორციელებისათვის კი აუცილებელია მისი მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით განათლების დაა მეცნიერების კომპეტენციად დარჩეს.
„ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს სასკოლო მზაობის უფასო, საყოველთაო პროგრამით, რომელიც მას დაეხმარება უკეთ ისწავლოს სკოლაში“,- აღნიშნა გრაუმანმა.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა განმარტეს, სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მონიტორინგის შესახებ (2015 წ.) გამოვლენილია სისტემური ნაკლოვანებები სკოლამდელი განათლების სექტორში ხარისხის, ხელმისაწვდომობის და ბავშვთა უფლებების დარღვევის მხრივ.
„ ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა აღინიშნა შესწავლილი სკოლამდელი დაწესებულებების 70 პროცენტში, ხოლო ფიზიკური ძალადობა – 40 პროცენტში. დაწესებულებების მხოლოდ 20 პროცენტს აღმოაჩნდა უსაფრთხო და ადეკვატური ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო. ანგარიში ასევე, განსაკუთრებით აღნიშნავს მასწავლებელთა პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას, რაც უარყოფითად აისახება მათ უნარზე, უზურნველყონ ბავშვზე ფოკუსირებული, ინკლუზიური განათლება. აღნიშნულმა პრობლემებმა გამოკვეთა, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გაძლიერებას სკოლამდელი განათლების სექტორის გამუჯობესების მიზნით. ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონი ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სასკოლო მზაობის პროგრამისთვის“ – აღნიშნავს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი.
გარდა ამისა, გრაუმანის განცხადებით, შესაბამისმა ცენტრალურმა სახელისუფლებო დაწესებულებებმა აუცილებელია აწარმოონ განათლების, სანიტარიისა და ჰიგიენის, ინფრასტრუქტურისა და კვების სტანდარტების მონიტორინგი.
„ კლასში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-22 ბავშვს, შესაბამისად, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, ხოლო საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის მინიმალური ანაზღაურება უნდა გაუტოლდეს დაწყებითი სკოლის მასწავლებლის მინიმალურ ხელფასს და აღმზრდელი -პედაგოგებისთვის შემოღებულ უნდა იქნას პროფესიული განვითარება და სერტიფიცირება“,- განაცხადა გრაუმანმა.