დავით მათიკაშვილი: რადიკალური უსამშობლო ოპოზიცია არის სრულიად უსუსური
,,უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე”, – ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, 4 ოქტომბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ,,მშვიდობიან რევოლუციაზე” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანაში პროცესების დესტაბილიზაცია მოახდინოს.
,,რადიკალური უსამშობლო ოპოზიცია არის სრულიად უსუსური. მათ არ გააჩნიათ ყველაზე მთავარი, რაც არის – საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოების, რომელიც წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“, კიდევ უფრო მეტად რწმუნდება მოქმედი ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკაში, ეროვნულ პოლიტიკაში, სუვერენიტეტზე და ოჯახურ ღირებულებებზე გათვლილ პოლიტიკაში, ქვეყნის გაერთიანებისთვის სწრაფვაში. ყველაფერი დანარჩენი, ბუნებრივია, რომ არის ტყუილი, რომელიც მომდინარეობს რადიკალების მცირე ჯგუფისგან. ამიტომ ცხადზე ცხადია უსამშობლო ოპოზიცია ვერანაირად ვერ შეძლებს რაიმე ფორმით ისეთი ხელშესახები პროტესტის შეკრებას, რომელსაც რაიმე საშუალება გააჩნია არსებითად იმოქმედოს პოლიტიკურ პროცესებზე”,- აღნიშნა მათიკაშვილმა.