მთავრობა ინვესტორებს 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს

  საქართველო ინვესტორებს შესანიშნავ ადგილმდებარეობას და 900-მილიონიან ბაზარს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-ისრაელის ინოვაციების მეორე ფორუმის – „საქართველო კარიბჭე“ გახსნაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს განსაკუთრებულ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყანას, ინვესტორებისთვის 900-მილიონიანი ბაზრის შეთავაზების შესაძლებლობას აძლევს შეღავათების ზოგადი სისტემა რვა ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა 2014 წლის სექტემბრიდან და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და თურქეთთან. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კანონის უზენაესობა და კერძო საკუთრების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტია და მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად იქცეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო, ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ბიზნესშესაძლებლობების დიდ არჩევანს ქვეყნის ისეთ სწრაფად მზარდ სფეროებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტურიზმი, მრეწველობა, რეგიონალური მომსახურება, ლოგისტიკა და აგრობიზნესი.
„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა საქართველო-ისრაელის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შედეგებს. ინვესტორებს ვთვაზობთ მყარ სუვერენულ ბალანსს; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას, რაც გულისხმობს დაბალი გადასახადების მხოლოდ ექვს ფიქსირებულ ტიპს; კონსერვატიულ საბანკო სექტორს; განვითარებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციებს; კონკურენტული ფასებით და სტაბილურად მიწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ სამუშაო ძალას კონკურენტული ტარიფებით“, -აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ მათ მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი დაცული იქნება; სამართლიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს გარანტორი კი თავად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები