რა მოხდა აფაქიძის 13 ნომერში – იყო თუ არა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები დაცული
თბილისში, სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის 13 ნომერში გამოთვლითი მათემატიკის შენობის ნგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, სამი მათგანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფაქიძის 13-ში შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელიც თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ნგრევისგან მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, 18 წლის იყო. კიდევ სამი დაღუპული მამაკაცის ასაკი საშუალოდ 35-40 წელია.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა დავით გელაშვილმა განუცხადა, სამუშაოების დროს შენობის მეოთხე სართული ჩამოინგრა.
აფაქიძის 13 ნომერში, სასტუმრო შენდებოდა. სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნეს ცენტრი” ახორციელებდა.
იყო თუ არა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები დაცული და ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მომხდარი ტრაგედიის გამო, ამ ეტაპზე უცნობია.
კომპანიაში მომხდარს უბედურ შემთხვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ მათი მხრიდან უსაფრთხოების ნორმები სრულად იყო დაცული.
“ჩვენი კომპანია აფაქიძის ქუჩაზე აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, სხვადასხვა ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგშია და სრულად გვქონდა დაცული უსაფრთხოების ნორმები. ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელსაც ვერ ავცდით. ჩაინგრა ჭერი, რომელიც არც ერთი გათვლით არ უნდა ჩანგრეულიყო და მოჰყვა ამას ეს შემთხვევა. ეს იყო კომუნისტების აშენებული შენობა, რომელსაც ჰქონდა ფილებით გადახურვა. მოიხსნა მძიმე სახურავი, რითაც შენობა უნდა შემსუბუქებულიყო და ვაკეთებდით მინის სახურავის გადახურვას მსუბუქი კონსტრუქციით”, – აცხადებენ კომპანიაში.
მომხდარიდან მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი და შექმნილ ვითარებას გაეცნო.როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. მისივე თქმით, ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
“მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. ყველა, ვინც არის დამნაშავე, დაისჯება“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილთან ერთად აფაქიძის 13 ნომერში მივიდა მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე. მისი თქმით, დასკვნას, რომელიც არქიტექტურის სამსახურში იყო წარდგენილი, უკვე სწავლობენ შესაბამისი სამსახურები.
როგორ ღოღობერიძემ განაცხადა, პროექტს, რომელიც აფაქიძის ქუჩაზე ხორციელდებოდა, სრულად ჰქონდა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დასკვნები. მისივე ინფორმაციით, დასკვნაში მკაფიოდ ეწერა, რომ შენობის რეკონსტრუქცია ზიანს არ ახდენდა ახლოს მდებარე შენობებზე.
მომხდარიდან ცოტა ხანში დედაქალაქის მერიამ განცხადებაც გაავრცელა. თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა.
იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57 დადგენილება ითვალისწინებს. კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან“, – აცხადებენ მერიაში.
აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო (240. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).
გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა, 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის დადგენას, თუ რამ გამოიწვია მოულოდნელი ნგრევა დღეს აფაქიძის ქუჩაზე, სპეციალური მოკვლევა სჭირდება.
“თუმცა ფაქტია, სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება. ამგვარი ფაქტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორად წარმოებული სადემონტაჟო სამუშაოები ხდება ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, დემონტაჟის პერიოდისთვის კი შეუსწავლელი კონსტრუქციული მდგრადობა.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აუცილებლად მიიჩნევს პრევენციული კომპლექსური ზომების მიღებას იმ საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში და კერძოდ სამშენებლო სექტორში არსებობს. მშენებელთა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შრომის ინსპექციის სრულყოფისკენ მოუწოდებს, რომელმაც სწორედ ამგვარი შემთხვევების პრევენციაზე უნდა იზრუნოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას, რათა თვიდან ავიცილოთ ლეტალური შედეგები და უმძიმესი ტრამვები. საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იზიარებს იმ ტკივილს, რასაც დაღუპული მშენებლების ოჯახები განიცდიან”, -ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.