ოზურგეთის გამგებელი სოფლებში ახალი საგზაო კონსტრუქციის გამოცდას იწყებს
ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სოფლებში ახალი საგზაო კონსტრუქციის გამოცდას იწყებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლებში ახალი ტიპის გზები დაიგება.
ინოვაციური პროდუქტს „GEO-CELL“-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რთული საგზაო მონაკვეთების, სკვერებსა და პარკების მოსაწყობად იყენებენ. მისი შევსება შესაძლებელია ხრეშით, მიწით და ბეტონით.
„GEO-CELL“- ი დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში რთულ საგზაო მონაკვეთზე მოეწყო. ბადის ტიპის მოწყობილობა ე.წ. შებენის დამჭერ კონსტრუქციას წარმოადგენს. დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სინთეტიკური მასალით და წყლის მაღალი გამტარიანობით გამოირჩევა.
„დღეს ვიწყებთ ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, რომელიც საქართველოში სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „ვანრიკს“ გაწეული დახმარებისთვის. ამ ტექნოლოგიის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ გამოიყენება მეწყერსაშიშ ადგილებში, რაც მრავლადაა ჩვენს მუნიციპალიტეტში, სხვა საშუალებებთან შედარებით არის იაფი და მისი რენტაბელურობის შემთხვევაში სოფლებში შიდა გზების პრობლემის გადავწყვეტას შევძლებთ“, – განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.