გიორგი მღებრიშვილი: შანტაჟის ენით ვერც ერთი პატიმარი ვერ მიაღწევს საწადელს
ძალიან ბევრი პატიმარი ყლაპავს ნივთებს პროტესტის ნიშნად და ამ შანტაჟის ენით საუბრით, ვერც ერთი პატიმარი ვერ მიაღწევს თავის საწადელს, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მინისტრი პატიმრების მხრიდან ნივთების გადაყლაპვის საკითხს გამოეხმაურა და ბათუმის #3 დაწესებულების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხეებს ადმინისტრაცია აკონტროლებს და შანტაჟის ენით საუბრით პატიმრები ვერ მიაღწევენ კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებას.
“ამ ინსინუაციებითა და შანტაჟის ენით საუბრით, ვერც ერთი პატიმარი ვერ მიაღწევს თავის საწადელს, რომ კრიმინალურმა სუბკულტურამ გაიდგას ფესვები და მოძლიერდეს. აქ ადმინისტრაციაა მმართველი და ასე იქნება ყოველ შემთხვევაში სანამ მე ვიქნები ამ სისტემის მინისტრი”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
დღეს გიორგი მღებრიშვილი ბათუმის #3 საპყრობილეში სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო და მსჯავრდებულთა საჭიროებებით დაინტერესდა.