საქართველო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს – რა მოლოდინი აქვთ საქართველოში?
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით კომპენსაცია მოითხოვა. საქართველო სტრასბურგის სასამართლოში რუსეთისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს. დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მე-4 მუხლი. სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ 2,380 ქართველი იყო უკანონოდ დაკავებული რუსეთში და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით, ხოლო დაკავებულებიდან სამი ქართველი დაიღუპა პატიმრობისას. სტრასბურგის სასამართლომ, ასევე, მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.
აღნიშნული დარღვევების დადგენით რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, საქართველოს გადაუხადოს კომპენსაცია ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევისთვის.
კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეებს დაევალათ წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, 2014 წლის 3 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს და, როგორც შუამავალს, სთხოვა დახმარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან სტრასბურგის სასამართლოს შენობაში მოლაპარაკებების წარმოებაში. პასუხად, საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში სასამართლოს ჩართულობა მიზანშეწონილი იქნებოდა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მხარეები სასამართლოს წინაშე წარადგენდნენ პოზიციებს კომპენსაციის შესახებ.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ან პოზიცია არ შემოსულა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპული სასამართლოს ინსტრუქციის შესაბამისად და რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შეუძლებლობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები კომპენსაციის მოთხოვნის თაობაზე.
განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს.
ეს ოდენობა ეფუძნება მსგავს საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს და განსაზღვრავს შემდგომ პროცედურასა და მხარეების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. სტრასბურგის სასამართლოს მეშვეობით უნდა მიიღოს საქართველომ რუსეთის პოზიციაც, რომელიც მას სასამართლოსთვის უნდა წარედგინა, ასევე, 12 თვის ვადაში.
გადაუხდის თუ არა რუსეთი კომპენსაციას საქართველოს – ამ კითხვაზე დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება რთულია, გასულმა 12 თვემ და რუსეთის დუმილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანა ჩვეულე პრაქტიკას განაგრძობს და სამართლებრივი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “კვირასთან“ საუბრისას ვარაუდეობს, რომ რუსეთი არ შეასრულებს დაკისირებულ ვალდებულებას და უარს იტყვის საქართველოსთვის კომოპენსაციის გადახდაზე. ჩიტაძის თქმით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის მიმართ სანქციები კიდევ უფრო გააძლიეროს და სანქციების შემუშავებისას უკრაინასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები იქნას მხედველობაში მიღებული.
“საქართველოს არ დარჩა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოში. არსებული რეალობის და პრაქტიკის გათვალისწინებით რუსეთისგან არ არის მოსალოდნელი, რომ მან შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები. რუსეთის დუმილი ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და იგნორის პოლიტიკას განაგრძობს. თუ რუსეთის მიმართ შემუშავდება ახალი სანქციები და მასში საქართველოს თემაც აუსახება. ვფიქრობ, ეს იქნება ქართული პოლიტიკის დიდი გამარჯვება“, -განუცხადა “კვირას“ ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება იმ საკითხს, შეუნარჩუნდება თუ არა რუსეთს ეს სამართლებრივი ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ევროსაბჭოდან გავა – ჩიტაძე აცხადებს, რომ შეუნარჩუნდება.
“რუსეთი იმუქრება, რომ ის დატოვებს ევროპის საბჭოს, მას შეუწყდა ხმის მიცემის უფლება, მაგრამ, სამართლებრივი თვალსაზრისით თუ დატოვა ევროსაბჭო რუსეთმა, მას მაინც ექნება ვალდებულება, ქართულ მხარეს გადაუხადოს კომპენსაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, უმნიშველოვანესია, რომ რუსეთს დაუწესდეს ეკონომიკური სანქციები და ასევე მათ დიპლომატი“, -აცხადებს ჩიტაძე.
“კვირა“ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილსაც დაუკავშირდა:
“ზოგადად, როდესაც რაიმე სახის ვალდებულებას, სანქცია უწესდება კონკრეტულ ქვეყანას, ამ ვალდებულების სისრულეში მოყვანა საკმაოდ ბევრ პროცედურასთან არის დაკავშირებული -ე ს არი არის მარტივი პროცესი. დრო გვიჩვენებს, რა ბერკეტები იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გადაუხდის ქართულ მხარეს კომპენსაციას“, -განუცხადა “კვირას“ კახა გოგოლაშვილმა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა შეიძლება რუსეთის ევროპის საბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს.
თუმცა, იუსტიციის მინისტრი ვარაუდობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, ვინაიდან რუსეთმაც კარგად იცის, რომ 2006 წელს ეთნიკური ქართველების უფლებები დაირღვა და ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფექტურად აღასრულებენ.
“რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია არ იყო და ვერ იქნებოდა, იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ ოფიციალური კონსულტაციების ფორმატი და, მით უმეტეს, ეს ფორმატი არ გამაჩნია მე, იუსტიციის მინისტრს, რუსეთის იუსტიციის მინისტრთან. ამიტომაც მე წარმომედგინა, რომ ეს ფორმატი შეიძლებოდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში. ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია. ჩემთვის უცნობია, რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტაცია, ამას შევიტყობთ დღე-დღეზე, როდესაც სტრასბურგი გაცვლის მხარეების პოზიციებს. ამის შემდეგ სტარსბურგის სასამართლო იმსჯელებს ჩვენს შეთავაზებაზე. კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლოს, არ აქვს, მაგრამ როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური პრობლემაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის და ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ქართული მხარე რუსეთთან კომპენსაციის განსაზღვრის მიზნით შეხვედრისთვის მზად იყო, თუმცა ამ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია.
„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოიცა, ჩვენი მხრიდან გაიგზავნა მიმართვა, რომ მზად ვიყავით, ამ საკითხზე შეხვედრა გამართულიყო და კომპენსაციის კონკრეტულ თანხაზე შევთანხმებულიყავით. ამ საკითხზე ჩვენს შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ჩვენი პოზიცია, თუ როგორ ვხედავთ საკითხის გადაწყვეტას, სტრასბურგში გადავაგზავნეთ. არ ვიცი, რუსეთის პოზიცია როგორი იყო. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თუ შეთანხმება ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება, სტრასბურგი თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი პოზიცია მათთვის უკვე ცნობილია“, — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროები უნდა შეთანხმდნენ კომპენსაციების რაოდენობაზე, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ ეს ვერ მოხდა. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, როდესაც იმ თემას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად ვადა ამოეწურათ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება, აბაშიძემ განაცხადა, რომ მარტივად რუსეთთან არაფერი არ ხდება.
“მარტივად რუსეთთან არაფერი არ ხდება. თემა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს იყო ძალიან სერიოზული წარმატება. რაც შეეხება კომპენსაციის კონკრეტულ რაოდენობას, ეს უნდა მომხდარიყო აქამდე”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხს პრაღის ფორმატში არ განიხილავენ, რადგან ეს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა.
საკითხზე კომეტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.
მისი თქმით, რუსეთისგან მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მზაობა არ არის.
“ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. საქართველოსგან იყო გაგზავნილი მოთხოვნა, სამწუხაროდ, მეორე მხარისგან ამაზე მზაობა არ არის. გაგრძელდება კიდევ მუშაობა იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების მხრიდან”, – განაცხადა კერესელიძემ.
საქართველო ელოდება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ჩათვლის თუ არა იგი საჭიროდ კონსულტაციებს რუსეთსა და საქართველოს შორის და შეახვედრებს თუ არა მხარეებს ერთმანეთს, თუ თავად გამოიტანს გადაწყვეტილებას კომპენსაციის რაოდენობის შესახებ.