სამხარეო ადმინისტრაციებში 2012-2015 წლებში 3 მილიონ ლარზე მეტი პრემია და სახელფასო დანამატი გაიცა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 3 419 880 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – 2 935 693 ლარი, სახელფასო დანამატი 484 187 ლარი.
“აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს;
პრემიასთან ერთად, სახელფასო დანამატი 2012-2013 წლებში გაიცა მხოლოდ იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნიებში, 2014 წლიდან კი სახელფასო დანამატი ყველა გუბერნიაში გაიცემა;
2014 წელს სახელფასო დანამატი მხოლოდ გუბერნატორებს აქვთ მიღებული და როგორც წესი, იგი სახელფასო ანაზღაურების ტოლია. დანამატს გუბერნატორები ყოველთვე იღებენ;
2015 წლიდან სახელფასო დანამატი გუბერნატორთან ერთად სხვა თანამდებობის პირებზეც გაიცემა;
იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა მხოლოდ პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხების წლიური ჯამები მოგვაწოდეს. შესაბამისად, კვლევაში ზემოაღნიშნული სამხარეო ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა მიერ მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის N627 დადგენილებაში „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს: ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიუთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა. რაც შეეხება პრემიებს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით რეგულირდება, აღნიშნული დადგენილება კი შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემირების პროცესი ისევ ძველი მანკიერი პრაქტიკით გააგრძელონ. სამწუხაროდ, გუბერნიების ნაწილმა სრულად არ მოგვაწოდა ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ, რამაც კვლევის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვცა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა აცნობიერებდნენ საჯარო ინფორმაციის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რადგანაც ინფორმაციის უკანონოდ დამალვით ლახავენ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს“, -აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები