პაპუაშვილი – ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრაზე: განვიხილეთ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით
“სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შევხვდი. მივესალმე სომხეთის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში მეორედ მასპინძლობის შესაძლებლობას და აღვნიშნე, რომ შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ფონზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირეს, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას ადასტურებს.
“განვაცხადე, რომ ცვალებად სამყაროში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთი გამოწვევის წინაშეა, საქართველო და სომხეთი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცვალებად სამყაროში, გარე ძალების გავლენების ფონზე, ქვეყნებმა უნდა შეძლონ, დაიცვან ეროვნული ინტერესები და არსებული ვითარება დადებითი შედეგების მისაღწევად გამოიყენონ. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა მომავალ თაობებს გადაეცეს.
განვაცხადეთ, რომ ორივე ქვეყანამ კარგად იცის მშვიდობის ფასი და, შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვუდგებით. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ხაზი გავუსვით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დადებით დინამიკას.
დავაფიქსირეთ საერთო პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სადაც სამივე ქვეყანა ერთიანია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მეტად მიმზიდველი იქნება და მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოიტანს. აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი გახდება.
ასევე, ყურადღება გავამახვილეთ სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განვიხილეთ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.