ნატოს პროგრამის ფარგლებში რეგიონული ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ნატოს პროგრამის − „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS) − ფარგლებში სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ რეგიონული ვორკშოპი გამართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინიციატივითა და ნატო-ს ეგიდით გამართული ვორქშოპის მნიშვნელობას რეგიონში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ ნატოსა და საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა კიბერუსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, წლების განმავლობაში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს წარმომადგენლები ნატოს პროგრამის − „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ − ფარგლებში წარმატებით ატარებდნენ ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყნის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისთვის, თანამშრომლობდნენ კიბერინციდენტების ერთობლივად განეიტრალების მიმართულებითაც. „ყოველივე ამის შედეგად, დღეს ჩვენ თანამშრომლობის თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავედით, როდესაც ნატოს ეგიდით თბილისში თავი მოვუყარეთ დარგის ცნობილ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რაც საშუალებას გვაძლევს, გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ ერთმანეთს, ხოლო საქართველო, როგორც კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონული ცენტრი, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, − აღნიშნა ირაკლი გვენეტაძემ.

სამუშაო შეხვედრა ნატოსა და სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობასა და რეგიონული კიბერთავდაცვის უზრუნველყოფას მიეძღვნა. მას 18 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი და ნატოს წევრი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.

ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ყველა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც განიხილავენ რეგიონში კიბერთავდაცვის სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საშუალებებს; კიბერინციდენტების, მავნე პროგრამებისა და კიბერსაფრთხეების განეიტრალების თანამედროვე მეთოდებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა კომპანია „ინტელიუმი“ − გლობალური საკონსულტაციო ფირმა, რომლის საქმიანობის სფეროა, დაეხმაროს საჯარო და კერძო ორგანიზაციებს, სწორად შეიმუშაონ და განავითარონ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები