ირაკლი ღარიბაშვილი: 13 ივნისს მთავრობამ წარმოაჩინა, რომ ორგანიზებულად მუშაობა შეუძლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის დროს კრიზისული საბჭოს საქმიანობას ეხმაურება და აცხადებს, რომ 13 ივნისს იყო პირველი სერიოზული კრიზისი, როცა მთავრობამ წარმოაჩინა, რომ ორგანიზებულად მუშაობა შეუძლია.
ამის შესახებ პრემიერმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ინტერვიუში აღნიშნა.
როგორც პრემიერმა განმარტა, საბჭოს მუშაობის დროს შეცდომებიც იყო, თუმცა, მისი თქმით, შეუცდომელი არავინაა.
„კრიზისის დროს გარკვეული ხარვეზებიც გამოვლინდა, რაც, ბუნებრივია, რადგან უშეცდომო არავინ არის. შეცდომა იყო ეს, რომ გაუგებრობა მოხდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთადერთ წყაროს – ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობოდა და ამის მერე ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა! ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია! თუმცა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო უწყებებმა თავიანთ მოვალეობებს კარგად გაართვეს თავი. ერთი წლის წინათ, როცა მე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შევქმენი, ალბათ, გახსოვთ, რომ ამის გამო ბევრმა კრიტიკა გამოთქვა, თითქოს, უშიშროების საბჭოს დუბლირება ხდება და თითქოს მე პირადი უსაფრთხოების საბჭოს ვიკეთებდი, მაგრამ, თუნდაც ამ სტიქიის დღეებში, კარგად გამოჩნდა, რომ ის კრიტიკა არასწორი იყო. მანამდე ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კრიზისების მართვა და როგორ უნდა ემოქმედათ მთავრობასა და სხვადასხვა უწყებას კოორდინირებულად. ყველა უწყებას თავ-თავისი დავალება ჰქონდა მიღებული და კოორდინირებულად ხდებოდა კრიზისის მართვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო სტრუქტურები“,- დასძინა პრემიერმა და 2008 წლის ომის დროს კრიზისული პერიოდი გაიხსენა.
მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს  ქაოსურად ხდებოდა კრიზისული პროცესების მართვა, ჯარისკაცებს დავალებებს  აძლევდნენ თბილისის მერი და სხვა გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც იმ პროცესებთან არაფერი ესაქმებოდათ.
„კრიზისების მართვის ცენტრი ჩვენ ბრიტანულ მოდელზე ავაგეთ, ასევე კონსულტაციები გვქონდა ამერიკელებთან, ისრაელის წარმომადგენლებთან და მათი გამოცდილება გავიზიარეთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა  ინტერვიუს დროს ასევე ყურადღება გაამახვილა სტიქიით დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაზე და პირობა დადო, რომ სტიქიით დაზარალებული არც ერთი ოჯახი უსახლკაროდ და ხელისუფლების ყურადღების გარეშე არ დარჩება.
„მე უკვე შევქმენი სახელმწიფო კომისია, რომელიც ვერეს ხეობასთან დაკავშირებულ პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლის და დაიწყება მუშაობა ამ ხეობის განვითარების გეგმაზე. თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფებია შექმნილი და სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახის მდგომარეობის აღწერა ხდება. ყველა დაზარებული თითოეული ოჯახის მდგომარეობის აღწერა ხდება. ყველა დაზარალებული ოჯახი დროებით დაბინავებულია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, გავიმეორო – სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი უსახლკაროდ და ხელისუფლების ყურადღების გარეშე არ დარჩება! სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები