გივი მიქანაძე: მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეძლონ, მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.

7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები ფიზიკაში აბარებენ.

ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გამოცდებს აბარებს 1000-მდე აბიტურიენტი, 550-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი.

2026 წლის გამოცდებისთვის ქვეყნის მასშტაბით რეგისტრაცია 83 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის – 43 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდები 5 ივლისიდან მიმდინარეობს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 17 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები – 23-24 ივლისს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები