სოზარ სუბარი: ამ სამინისტროში თუ რამეს არ დავუშვებ, ეს კორუფციაა

“ზუგდიდსა და თბილისში დააკავეს თაღლითები, რომლებიც ჩვენი სახელით სოლიდური თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ”, – აცხადებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
მინისტრი გამოცემასთან იმ კორუფციულ სქემაზე საუბრობს, რომელიც სამინისტროს აუდიტის სამსახურმა გამოააშკარავა. როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა ჯგუფმა მინისტრის სახელი დაუკავშირა იმ კორუფციულ სქემას, რომელიც სამინისტრომ გამოაშკარავა.
„როდესაც კორუფციულ სქემებზე ლაპარაკი იწყება, მეტწილად ეს იმას ნიშნავს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნამ გამოააშკარავა კორუფციული სქემა, რომელიც ჩვენს უწყებაში მოქმედებდა. ცუდი ის არის, რომ ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა ამ ყველაფერთან ჩემი სახელის მიბმა სცადა. ეს კორუფციული სქემა ჩემი ამ უწყებაში მინისტრობის პირველივე დღეებში გავშიფრე და რეაგირება მოსვლის დღიდანვე დავიწყე. ეს ფაქტები ჯერ ჩვენი სამსახურის შიდა აუდიტმა მოიკვლია და დასკვნაც მოამზადა, რომლის მიხედვითაც რადენიმე ჩინოვნიკი სამსახურიდან გავაგდე, შესაბამის უწყებებს კი ვთხოვე, მათი ქმედებები საფუძვლიანად შეესწავლა. ვაცხადებ: პირველ რიგში, ამ სამინისტროში თუ რამეს არ დავუშვებ, ეს კორუფცია და დევნილების თანხების მითვისებაა!“- ამბობს სოზარ სუბარი.
ამავე ინტერვიუში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, რომელიც, ერთი მხრივ, იყო საჯარო მოხელე, თავად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და მეორე მხრივ, კორუფციულ სქემაშიც მონაწილეობდა.
„ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელს, კერძოდ, ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ მაღალდაძეს, ჰქონდა დაფუძნებული კომპანია “სოდომი” და სამშენებლო მასალებით ამარაგებდა ჩვენს ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს: “ნიუ კონტრაქშენსა” და “ენბიჯის”. ესე იგი, დევნილთა და განსახლების სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, რომელიც, ერთი მხრივ, იყო საჯარო მოხელე, თავად ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას და მეორე მხრივ, კორუფციულ სქემაშიც მონაწილეობდა.
ის არათუ აკონტროლებდა ტენდერებში გამარჯვებული საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიების საქმიანობას (რაც უშუალოდ ევალებოდა), არამედ ხელს უწყობდა და სამშენებლო მასალებს თავად აწვდიდა. ეს კორუფციული სქემა გავშიფრე, დასკვნა დავწერე და პროკურატურას გადავუგზავნე. სამსახურიდან გავათავისუფლე ის პირები, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი კორუფციულ სქემაში გამოიკვეთა. ესენი იყვნენ: საფინანსო დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიძე, ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მაღალდაძე და ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი სვანიძე. საქმეს უკვე იძიებს პროკურატურა. რაც შეეხება “ენბიჯისა” და “ნიუ კონტრაქშენს”, მათ ზოგ შემთხვევაში უხარისხოდ, ზოგან კი საერთოდ ვერ შეასრულეს სამუშაოები, რაც ხელშეკრულებებით იყო გათვალისწინებული“, – აცხადებს სოზარ სუბარი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები