აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და შეფასებები
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მედიას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა – ჯონ კერიმ წარუდგინა.
ანგარიშში შეფასებულია სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები. კერძოდ, სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმის შედეგები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, საპროცესო გარიგების მექანიზმების დახვეწა და დაცვის მხარის უფლებების გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში.
რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო პრაქტიკა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, 2014 წლის მონაცემებით მაინც რჩება გარკვეული ხარვეზები, თუმცა პენიტენციალური სისტემა ბოლო წლებში არსებითად შეიცვალა, გაუმჯობესდა როგორც პატიმრების ყოფითი პირობები, ასევე ჯანდაცვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირებულია პატიმართა სიკვდილიანობა.
ანგარიშის თანახმად, თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობამ განახორციელა, შეფასებულია დემოკრატიული მმართველობის კუთხით წინგადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად, რომელიც კარგ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველობის ინსტიტუტის შემდგომი განვითარებისთვის. ყველა მუნიციპალიტეტის გამგებელი და მერი პირდაპირი წესით აირჩევა.
ანგარიშში პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება და მის მიმართ საყოველთაო ნდობის არსებობა. სახალხო დამცველის ყოველწლიურ და სპეციულურ ანგარიშებში ასახული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი გაზრდილია.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გახდა საგამოძიებო ორგანოების მაკონტროლებელი გარე უწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიაა, რათა არ მოხდეს თვითნებურად და გაუმართლებლად მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა სამართალდამცავი უწყებების მიერ. პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის თანხმობის გარეშე, ასეთი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება გამორიცხულია.
ანგარიშში, სადაც საუბარია კორუფციის თემაზე, აღნიშნულია მოქმედი ხელისუფლების 2 მაღალჩინოსნის დაკავება. ასევე, ფაქტად მოყვანილია ვანო მერაბიშვილის შემთხვევა, როცა მან კვარიათის სხვა ადამიანისთვის კუთვნილი აგარაკი მისი პირადი მოხმარებისთვის გაარემონტა ბიუჯეტის ფულით და იყენებდა ასევე პირადი მოხმარებისთვის. ასევე სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი, 2012 წლის არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. ორივე ეპიზოდზე სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხს, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია სამთავრობო გავლენებისგან.
“თავისუფალი მედია არის ქართული საზოგადოების უდაოდ დიდი მონაპოვარი. ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, საკუთარი პრინციპებისა და პროფესიული კეთილსინდისიერების შესაბამისად იმუშაონ“, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება პრობლემატურ საკითხებს: დასკვნის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ აქვს ადგილი საზოგადოებრივ და პიროვნებათშორის ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას.
ასევე საუბარია გარკვეული რელიგიური ჯგუფების მხრიდან უმცირესობების მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პრობლემატურად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. ასევე საუბარია შრომის კოდექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებების ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასა და მიხეილ სააკაშილის მიმართ წაყენებული ბრალი და ასევე ფარული მოსმენების თემაც მოხვდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან გათავისუფლება და ეგრეთ წოდებული კაბელების საქმე.
დასკვნის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ აქვს ადგილი საზოგადოებრივ და პიროვნებათშორის ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას და პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას. ასევე საუბარია გარკვეული რელიგიური ჯგუფების მხრიდან უმცირესობების მიმართ არატოლერანტულ დამოკიდებულებაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, პრობლემატურად რჩება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. ასევე საუბარია შრომის კოდექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე.
დეპარტამენტის ანგარიშს აფასებენ თბილისში
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი ბევრი დასკვნა სწორედ ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით არის მომზადებული.
“ძალიან ბევრი დასკვნა, რომელიც არის ანგარიშში წარმოდგენილი, სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით არის მომზადებული, ეს ეხება ზოგადად იმ ძალადობის ფაქტებს, რომლის გამოძიებაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა“,- განაცხადა ნანუაშვილმა.
უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება და რიგ პრობლემატურ საკითხებზე მსჯელობა უნდა მოხდეს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი აღნიშნული პროცესის საჭიროებაზე საუბრობს.
„ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, მედიის თავისუფლების სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, არის კრიტიკული შენიშვნებიც, რაც უფრო ღრმად უნდა გაანალიზდეს შესაბამის კომიტეტებში, პარლამენტარების მიერ, რომლებიც შესაბამისი მიმართულებებზე მუშაობენ“, – განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გრძელდება, რაც, მათი განცხადებით, ანგარიშშიც აისახა. ხელისუფლების ოპონენტები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მწვავეს უწოდებენ.
„კვირასთან“ ანგარიშს აფასებს და ოპონენტების შეფასებას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე.
მისი თქმით, აღნიშნული ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეერთებული შტატები რჩება საქართველოს გუშემატკივარ, პარტნიორ ქვეყნად და მას აწუხებს საქართველოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები – დადებითიც და უარყოფითიც.
“ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ასეთი ანგარიშები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ქვეყნის მხრიდან და ეს არის გზავნილი როგორც შიდა აუდიტორიისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ შეერთებული შტატები რჩება ჩვენს გულშემატკივრად, მეგობარ, პარტნიორ ქვეყნად, მას აღელვებს და აწუხებს საქართველოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. რაც შეეხება პოლიტიკური დევნის თემაზე საუბარს, ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბერში დაარბია საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც გამოვიდნენ პროტესტის გამოსახატავად და შემდეგ დაარბია დამოუკიდებელი მედიასაშუალება „იმედი“, ეს არის ორი უმძიმესი ბრალდება, რომელიც მას აქვს წარდგენილი. 21-ე საუკუნეში ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ამბიცია, რომ აშენებდა დემოკრატიულ ქვეყანას, პარალელურად ახშობდა თავისუფალ სიტყვას და თუ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობის დაყენებაა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არ ვიცი…
ასევე ყველამ ნახა ვანო მერაბიშვილის ქმედებები, რომელმაც დაარბია 2011 წლის 26 ნოემბერს საკუთარი მოქალაქეები, ასევე ითხოვდა გვამებს და ამაში პრემიას ჰპირდებოდა ვიღაცებს. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია – იგივე ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით და კარგად მახსოვს, ციხის ბუნტი და სხვა საქმეები“, – აცხადებს ანი მიროტაძე.
დეპუტატი სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას მედიის თავისუფლების მხრივ გაკეთებულ შეფასებაზე ამახვილებს და მას უმნიშვნელოვანეს მიღწევად აფასებს.
“მედიის თავისუფლების მხრივ გაკეთებული შეფასება ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიის შენებას. მედიის თავისუფლება წარმოადგენს გარკვეულ გარანტიას, რომ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტებიც მოქმედებენ დემოკრატიული პრინციპებით.
ანგარიშში ასევე დადებითადაა შეფასებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა. ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, ჩვენ კი გავბედეთ და დავიწყეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი – ერთხელ და სამუდამოდ უარს ვიტყვით იმ მახინჯ პრაქტიკაზე, როდესაც მოზარდები ხვდებოდნენ ისეთ გარემოში, სადაც მათ უმახინჯდებოდათ ფსიქიკა. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული ნიშანი, რომ ჩვენ წავიწიეთ წინ და ასე უნდა გავაგრძელოთ.
ანგარიშში მოხვდა ე.წ. კაბელების საქმე. მე გამადიდებელი შუშით ვაკვირდები ამ საქმის მიმდინარეობას, მაგრამ არც ერთი მხარე არ იქნება მართალი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე გააკეთოს დასკვნები. იმის შემდეგ რაც დადგება სამარათლო განაჩენი, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღიად, ჰქონდა თუ არა საქმეს პოლიტიკური შეფერილობა“, – აცხადებს ანი მიროტაძე.
რაც შეეხება რეკომენდაციებს და პრობლემატურ საკითხებს, მიროტაძე ამბობს, რომ რეკომენდაციებზე მსჯელობა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
„მე განსაკუთრებით მაშფოთებს ოჯახში ძალადობის საკითხი, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მაქსიმალურად უნდა დავირაზმოთ, რომ მსგავსი ფაქტები, რისი მომსწრებიც გავხდით, აღარ მოხდეს. ჩვენ ამ მიზნით მუშაობა დაწყებული გვაქვს“, – აღნიშნა ანი მირტოაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი “კვირასთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. რაც შეეხება პოლიტიკურ წრეებში გაკეთებულ მოსაზრებებს, ხუხაშვილი ამბობს, რომ, ზოგადად, დიპლომატიური ანგარიშები და განცხადებების სპეციფიკა იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ.
„დიპლომატიურ განცხადებებს აქვს ასეთი თვისება, რომ როდესაც შეფასებები რბილად ცხადდება, ნებისმიერ მხარეს შეუძლია საბანი თავისკენ გადაქაჩოს – ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ ვისმენდით ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, სხვა ქვეყნების მხრიდან განცხადებებს, პოლიტიკური დევნის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს. უცხოეთში ამ თემაზე აზრის ფორმულირება მოახდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ“, ამ ყველაფერს არსებულმა ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი არა იმიტომ, რომ ისინი მართლა ახდენენ პოლიტიკური მოტივით დევნას, არამედ იმით, რომ ვერ ახერხებს კონკრეტული დანაშაულის შესახებ კვალიფიციურ ფორმულირებას სამართლის ენაზე.
რაც შეეხება დადებით შეფასებებს, მედიის თავისუფლების კუთხით არც ყოფილა კრიტიკა და ცალსახაა, რომ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია ყოფილი ხელისუფლების პერიოდთან შედარებით. რა ხდებოდა მაშინ სასჯელაღსრულების სისტემაშიც, ესეც ყველასათვის ცნობილია. გასაგებია, რომ ვითარება გამოსწორდა, მაგრამ იდეალურად არ არის ყველაფერი და პრობლემები კვლავ რჩება“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.