სეისმოლოგი სტიქიის ზონებზე: ხეობაში პროცესები გააქტიურებულია, მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს
დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი საქართველოში და თბილისის შემოგარენში მეწყერსაშიშ ზონებზე და ბუნებრივ საფრთხეებზე საუბრობს. როგორც სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ამ დროისთვის სამეცნიერო ჯგუფი სტიქიის მიდამოებს უკვე სწავლობს და ნიადაგის გადაადგილების 24- საათიანი ონლაინმონიტორინგისთვის ადგილზე „ჯი -პი- ეს“ სადგურს ამონტაჟებენ.
მანვე ჟურნალისტებთან საუბროსას აქცენტი ხეობაში მონიტორინგის სადგურების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელის თეა გოდოლაძის განმარტებით, ხეობაში პროცესები გააქტიურებულია, რადგან ამისთვის მომზადებული იყო ნიადაგიც და, თავის მხრივ, მეტეოროლოგიურმა პირობებმაც მეწყრული კერების გააქტიურება გამოიწვია.
„ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი რამდენიმე დღეა დამეწყრილ ზონაში ექსპედიციას და საველე დაკვირვებებს მართავს. ჩვენი კვლევები გეოფიზიკურ დაკვირვებას, გეოლოგიურ აგეგმვას და მეწყრის შესწავლას გულისხმობს. ასევე მიმდინარეობს გეოდეზიური აზომვები. ხეობაში პროცესები გააქტიურებულია, ამისთვის მომზადებული იყო ნიადაგიც და, თავის მხრივ, მეტეოროლოგიურმა პირობებმაც მეწყრული კერების გააქტიურება გამოიწვია. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, შევაფასოთ, თუ რა საფრთხეებთან შეიძლება მომავალში საქმე გვქონდეს. ჩვენ ვაყენებთ „ჯი- პი- ეს“ სადგურს, რომ ნიადაგის გადაადგილების მონიტორინგი ონლაინრეჟიმში ვაწარმოოთ. ასეთი ბუნებრივი საფრთხეები საქართველოში იყო და მომავალშიც იქნება. მაისში 2014 წელს დევდორაკზე სტიქიას უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდა. უფრო მეტი მასა წამოიღო, უბრალოდ არ იყო მჭიდროდ დასახლებული და ასეთი დამანგრეველი ეფექტი ვერ გამოიწვია.
ვეძებთ გადაწყვეტას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი საფრთხეები, თუმცა ბუნებას წინ ვერ აღვუდგებით. ბუნებრივი საფრთხის 100%-ით აცილება შეუძლებელია. მდგომარეობა სტაბილური არ არის. მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ხეობა გააქტიურებულია, ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ამჟამად ვმუშაობთ, რომ შევაფასოთ მასა, რაც მეწყერულ ზონაშია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სეისმური მოვლენებისათვის. ეს ნიშნავს სწორ დაგეგმარებას, სწორ პოლიტიკას მშენებლობაში, სწორი სამეცნიერო კვლევებს და ასე შემდეგ. ხეობაში უნდა იყოს მონიტორინგის სადგურები, დაფარვა უნდა იყოს ძალიან ხშირი ქსელით. ჩვენ 12 წელია ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველოს სეისმური ქსელი აწყობილი ჰქონდეს და საკუთარი ძალებით, ახალგაზრდების ენთუზიაზმზე და საერთაშორისო პროექტებზე დაყრდნობით გავხსენით 25 სადგური. მონიტორინგის სისტემების გაკეთება აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება სუბსიდირება აპარატურის მხრივ. მთელ საქართველოში არსებობს საფრთხის შემცველი ზონები და გაფრთხილებთ ახლავე, დევდორაკი შეიძლება დღეს ან ხვალ არა, მაგრამ 5 წლის შემდეგ აუცილებლად განმეორდება“,- განაცხადა თეა გოდოლაძემ.