მიხეილ გიორგაძე ვაჟა-ფშაველას 100 წლის საიუბილეოდ გამართული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულს დააჯილდოებს

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მარჯანიშვილის თეატრში, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული სასკოლო თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულს დააჯილდოებს.
მიხეილ გიორგაძე მე-2 ადგილზე გასულ გამარჯვებულს – ხობის #1 საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცემს განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ ფულად პრემიასა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებს – ვაჟა-ფშაველას „გოგოთურსა და აფშინას“ აფხაზურ ენაზე, ვაჟა-ფშაველას სამ პოემას ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენაზე, ასევე ვაჟა-ფშაველას ქართულ-ფრანგული ლექსების კრებულს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება სამი გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით, სპექტაკლები მოემზადებინათ. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს ხუთი სპექტაკლი, რომლებიც მუნიციპალიტეტის დონეზე საჯაროდ დაიდგა და მათ შორის ერთი საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი განათლების სამინისტროში გაიგზავნა. სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა.
კომისიამ სპეციალურად შერჩეული სპექტაკლები განიხილა და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, გამარჯვებულები გამოავლინა. ესენია: ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა – I ადგილი; ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლა – II ადგილი; ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა – III ადგილი; ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა – ჟიურის ნომინაცია. გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენი სკოლები წამახალისებელ სიგელებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები