სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ივნისის თვეში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, კიდევ ორი მასშტაბური საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 26 ივნისს, 15:00 საათზე, ვ. აბაშიძის მუსიკისა და დრამის თეატრში საქველმოქმედო კონცერტებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილე მუსიკოსები გაუძღვებიან.
28 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებული ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის კონცერტი. წარმატებულ ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს კონცერტზე პარტნიორობას გაუწევს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საქველმოქმედო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამების საპატრიარქოს გუნდი და გორის ქალთა კამერული გუნდი. ლიზა ბათიაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული მევიოლინეა. ჟურნალმა „Musical America“ ის მსოფლიოს ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა.
30 ივნისსა და 1 ივლისს, 20:00 საათზე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზში მაყურებელს პრემიერაზე იწვევენ ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი და დავით დოიაშვილი. 12 წლის შემდეგ ნატო მეტონიძე მსმენელის წინაშე ახალი სოლო-პროგრამით წარდგება. „INTROსპექცია – ამბავი ჩვენზე“, – ასე ჰქვია პროექტს, რომელშიც მონაწილეობას ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები მიიღებენ. დადგმა რეჟისორ დავით დოიაშვილს ეკუთვნის. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველი; სპეციალურად წარმოდგენისთვის მზადდება დეკორაცია, იკერება კოსტიუმები. პროგრამაშია ნიკოლოზ რაჭველის საავტორო მუსიკა და მის მიერ შექმნილი ახალი საორკესტრო ვერსიები ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა მუსიკალურ თემებსა და სიმღერებზე.
30 ივნისს და 1 ივლისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალი მსმენელს მუსიკის ენით 60-იანი წლების თბილისის შესახებ მოუთხრობს და ამ ეპოქასთან დაკავშირებულ განცდებს გაახსენებს. ორივე ღონისძიებიდან შემოსული თანხა, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერია თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.