ათი ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად
სამი სომალელი ჯარისკაცი და რამდენიმე მშვიდობიანი პირი დაიღუპა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტერორისტების სამიზნე სამხედრო ინსტრუქტორები იყვნენ არაბეთის გაერთიანებული საემიროდან. თავდასხმის შედეგად ექვსი ჯარისკაცი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაჯგუფება „ალ შაბაბის“ წარმომადგენლებმა აიღეს. მათი განცხადებით, ეს „შურისძიების აქციაა მათ წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ“. ადგილობრივი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ტერორისტების სამიზნე არაბეთის გაერთიანებული საემიროების ელჩი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც დაჯავშნულ მანქანაში იმყოფებოდა და თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა.