მედია: ევროპა არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვებას მიესალმება

ევროპელმა ლიდერებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, – ამის შესახებ სომხური მედია წერს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა არჩევნების შედეგები შეაქო და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს სომხეთის რეფორმების განხორციელებაში დასახმარებლად.

“ვფიქრობ, არჩევნებში აქტივობა მართლაც კარგი იყო. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, სომხეთის მოსახლეობამ, რუსეთის მხრიდან ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ევროპული მომავალი აირჩია და ეს კარგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად, მათ შორის მომავალი რეფორმების განხორციელებაში“.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ მილოცვის წერილში აღნიშნა, რომ სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობას, სტაბილურობას და მომავალს, რომელიც დაფუძნებულია მეზობლებთან და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

“ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების შედეგებს. შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის მდგრადობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში. ერთად, ევროკავშირი და სომხეთი ამყარებენ უფრო ძლიერ ხალხთაშორის კავშირებს და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი პარტნიორობა ხელს უწყობს მთელი რეგიონის უფრო მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სომხეთს ევროკავშირზე დაყრდნობა შეუძლია

„2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის სული, რომელსაც თქვენ უძღვებოდით, ცოცხალია და კარგად არის. ჩვენ ღრმად ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას დემოკრატიულ სომხეთთან, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება ევროპას”,- თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კენჭისყრის შედეგებს „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა.

„გულწრფელად გილოცავთ, ძვირფასო ნიკოლ ფაშინიან, საპარლამენტო არჩევნებში ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. მოუთმენლად ველი ჩვენი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, თანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობისა და სომხეთის სუვერენიტეტის დაცვას და ევროპასთან კავშირების გაღრმავებას“,- აღნიშნა ლიდერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთს დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ნიკოლ ფაშინიანს კი გამარჯვება მიულოცა.

„ეს არის სომხეთის სუვერენიტეტის, თქვენი დამოუკიდებლობისა და იმგვარად ცხოვრების უფლების გამარჯვება, როგორსაც თავად განსაზღვრავთ“, – აღნიშნა მან და სომხეთს წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები