მეცნიერებმა 2004 წელს თბილისის მერს მიმართეს – „არავითარი პასუხი ჭიაბერაშვილს არ გაუცია!“

„ამდენი ხალხის სიკვდილი და ოჯახების განადგურება პირადად სააკაშვილის კისერზეა“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ჰიდრეოლოგ პაატა თვალავაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2014 წლის 17 მაისს, როდესაც დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და ხეობაში უბედურება დატრიალდა, პაატა თვალავაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ მივიდა და აღნიშნა, რომ უარესი საშინელებას მდინარე ვერე იზამს, რომელსაც სააკაშვილმა ჭალა მოუსპო და გოფრირებულ „ტრუბაში“ გააძვრინა.
როგორც თვალავაძე დღევანდელ ინტერვიუში აცხადებს, მან და კიდევ რამდენიმე სპეციალისტმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საინჟინრო-გეოლოგიური ცენტრის ჩამოყალიბება შესთავაზეს, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საქართველოში არსებულ 24 ათას მდინარეს, თუმცა, მათ არავინ მოუსმინა.
„2004 წელს, როცა „ვარდების რევოლუციის“ მამამთავარი და მისი გაუნათლებელი სექტა უკვე ქვეყანას მართავდა, თქვენმა მონა-მორჩილმა, იოსებ ბუაჩიძემ, გუგა ჭოხონელიძე, ბადრი მხეიძემ დავწერეთ პროგრამა და წარვუდგინეთ თბილისის მაშინდელ მერს ზურაბ ჭიაბერაშვილს. ჩვენ შევთავაზეთ საინჟინრო-გეოლოგიური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საქართველოში არსებულ 24 ათას მდინარეს, მდინარეებზე გადებულ ხიდებსა და დამეწყრილ თუ მეწყერსაშიშ ადგილებს, რომელთა რაოდენობაც 800 ერთეულს აჭარბებს… არავითარი პასუხი ჭიაბერაშვილს არ გაუცია! გავიდა ხანი და იგივე წერილი გავუგზავნეთ საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარეს ზაზა ბეგაშვილს; ბეგაშვილმა, რომელმაც, ჩემი ინფორმაციით, წერა-კითხვა არ იცის და არაფრის აზრზეა, საერთოდ ვერაფერი გაიგო. შემდეგ მივმართეთ უგულავას, რომლის ერთ-ერთმა ხელის ბიჭმაც ასეთი პასუხი გაგვცა – ეგღა გვაკლია, თქვენ შეგითანხმოთ, თუ სად უნდა ავაშენოთ სახლები და სად გავიყვანოთ გზებიო! ეს ხელის ბიჭი გახლდათ მამუკა ახვლედიანი! ბოლოს ჩვენს დღევანდელ მერს დავით ნარმანიასაც მივმართეთ ამ წინადადებით, რომელიც მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, მაგრამ არავითარი რეაქცია. გული რაზე მტკივა, იცით? საქართველოს ჰქონდა უძლიერესი და მთელ მსოფლიოში აღიარებული გეოლოგიის სკოლა, რომელსაც საქვეყნოდ სახელგანთქმულმა პიროვნებამ , ბატონმა ალექსანდრე ჯანელიძემ ჩაუყარა საფუძველი, 6 ათასი გეოლოგი იყო საქართველოში და დღეს ერთსაც ვერ იპოვით, იმიტომ, რომ სააკაშვილმა გეოლოგიის ქართული სკოლა, ისევე როგორც, ზოგადად, ქართული მეცნიერება, გაანადგურა და მოსპო“, – აცხადებს ჰიდრეოლოგი პაატა თვალავაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები