სოსო ჯაჭვლიანი: სააკაშვილის ხელისუფლებამ გმირთა მოედნის ესტაკადის მშენებლობის დროს უხეში შეცდომები დაუშვა

„სააკაშვილის ხელისუფლებამ ვაკე-საბურთალოს ახალი გზისა და გმირთა მოედნის ესტაკადის მშენებლობის დროს უხეში შეცდომები დაუშვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს. ამავე ინტერვიუში დეპუტატი აცხადებს, რომ ვერეს ხეობაში სპეციალისტები გზის პროექტის უარყოფით მხარეზე თავიდანვე საუბრობდნენ, თუმცა სააკაშვილმა და გიგი უგულავამ მათ რჩევებს ყურადღება არ მიაქციეს.
პარლამენტის წევრი გამოცემასთან იმ დღეს იხსენებს, როდესაც წინა ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილმა ვერეს ხეობაში ახალი გზის გახსნის პრეზენტაცია მოაწყო. „არ მინდა გამოძიებას დავასწრო და ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვაკე-საბურთალოს ახალი გზისა და გმირთა მოედნის ესტაკადის მშენებლობის დროს უხეში შეცდომები დაუშვა და ვერეს ხეობაში აბსოლუტურად გაუმართლებელი სამუშაოები ჩაატარა, ამაზე დღეს ყველა ექსპერტი და სპეციალისტი ხმამაღლა ლაპარაკობს. სხვათა შორის, არა მარტო დღეს, თავიდანვე იყო ამაზე საუბარი, მაგრამ სააკაშვილსა და უგულავას სპეციალისტების აზრი ფეხებზე ეკიდათ, მათთვის მთავარი იყო, ლენტები გაეჭრათ და პიარი გაეკეთებინათ.
ხომ გახსოვთ, სააკაშვილი ახალი გზის გახსნაზე „ფორმულა 1“ -ის ავტომობილით რომ გამოვიდა და პოზიორობდა? „ნაციონალებმა“ ასეთ სანახაობებს გადააყოლეს ქვეყანა. მთელ ამ უბედურებასა და ტრაგედიაში კარგი ის არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ საოცარი მუხტი გამოავლინა, როცა ასე თვითორგანიზებულად, ყობელგვარი მოწოდების გარეშე, ერთ მუშტად შეიკრა და თბილისის სადარაჯოზე დადგა. დიახ, ის მოხალისეები, რომლებიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრასა და ქალაქის მოწესრიგებაში ასე თავდადებით არიან ჩართულნი, საოცარ მაგალითს გვაძლევენ ყველას. ამ ყველაფრის შემხედვარე დავრწმუნდი, რომ საქართველოში ეროვნული მუხტი არ ჩამკვდარა“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი. ამავე ინტერვიუში სოსო ჯაჭვლიანი ყურადღებას მომავალ არჩევნებზეც ამახვილებს. მისი თქმით, ექსპრემიერისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ყველა შემთხვევაში საჭიროა. ჯაჭვლიანის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ქართველ ხალხს მომავლის იმედს გაუძლიერებს. ამის შესახებ პარლამენტარმა, გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც ქვეყანასა და ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება. ეს ქართველ ერში მომავლის იმედსა და რწმენას გააძლიერებს, საზოგადოებაში ფეხმოკიდებულ ნიჰილიზმს დაამარცხებს“, – განაცხადა ჯაჭვლიანმა. მისივე თქმით, ის ამ სიტყვებს გულწრფელად ამბობს და ექსპრემიერისა და სხვა პირების დავალებით არ საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები