ილია მეორე: ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის

ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა -ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილი მეორემ საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი”, – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მისივე თქმით, ადამიანი, ისევე, როგორც კაცობრიობა, მზად უნდა იყოს სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც.
“ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა – “ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა”. ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის”, – ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, ამ განსაცდელის დროს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოიჩინეს დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ და ყველაფერი გააკეთეს, რათა პრობლემების დაძლევაში მიეღოთ მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები