თბილისის მერიასთან აქცია მოთხოვნით “თბილისი ზოოპარკის გარეშე“ გაიმართება – რას ამბობენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში -ვიდეო
დღეს, 15:00 საათზე, თბილისის მერიის შენობასთან გაიმართება აქცია მოთხოვნით: თბილისი ზოოპარკის გარეშე.
აქციის ორანიზატორები არიან: მოძრაობა „ვეგან ბაზა“, თბილისის ზოოპარკის ცხოველთადაცვითი მონიტორინგის ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეგან ჯორჯია“. ასევე, აქციას უერთდება ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.
როგორც ორგანიზატორებმა „კვირას“ განუმარტეს, აქციის მთავარი მოთხოვნა თბილისში ზოოპარკის გაუქმება და მის ნაცვლად სარეაბილიტაციო თავშესაფრის შექმნაა.
ეს უკანასკნელი როგორც ზოოპარკის ბინადართა, ასევე, სხვა გარეული ცხოველების თავშესაფარიც იქნება. აქციის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ზოოპარკი ცხოველებისთვის არის ციხე და ადამიანებისთვის – გასართობი ხასიათის სანახაობა.
„ზოოპარკი – ცხოველების ციხე, რომ არ არსებობდეს, არც მოხდებოდა ამდენი ტრაგედია – ცხოველები არ დაიხრჩობოდნენ და არც დახოცავდნენ მათ. ზოოპარკში ამ მოვლენამდეც ტრაგიკულად იღუპებოდნენ ცხოველები, ფიქსირდებოდა მათ მიმართ არასათანადო და სასტიკი მოპყრობაც. დაბალი დონის უსაფრთხოების გამო სახიჩრდებოდნენ ადამიანები. ასევე ხორციელდებოდა მტაცებლებთან ცოცხალი ცხოველების შეგდება მტაცებელთა აგრესიის გაღვივების მიზნით (როგორც ზოოპარკის დირექცია ამტკიცებდა – მათ “უნარჩუნებდნენ ინსტინქტს”.) მიგვაჩნია, რომ ზოოპარკი არის სასტიკი საპყრობილე ცხოველებისათვის, და საშიშია საზოგადოებისათვის. მოგვაჩნია რომ ზოოპარკი არ უნდა არსებობდეს. სასურველია, არსებობდეს გარეულ ცხოველთა თავშესაფარი ქალაქისგან შორს – ცხოველებისათვის შესაფერის და საზოგადოებისათვის უსაფრთხო ადგილას“, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ცხოველთადაცვითი მონიტორინგის ჯგუფში.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის ყოფილმა წევრმა, ირაკლი კიკილაშვილმა „კვირას“ განუცხადა, ზოოპარკის ნაცვლად სარეაბილიტაციო თავშესაფრის ადგილის შერჩევა გარემოს დაცვის სამინსიტროს პრეროგატივაა.
მისივე თქმით, სასურველია, ახალი ზოოპარკის ასაშენებლად განკუთვნილი თანხები სწორედ აღნიშნულ თავშესაფარს მოხმარდეს, ასევე, სოციალურ და ეკოლოგიურ პროექტებს, ქალაქის გარემოს სწორ და მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიას, პარკების და სკვერების მოწყობას და სარეკრეაციო ზონების აღდგენას. კონკრეტუალად კი ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე მოეწყოს სარეკრეაციო დასასვენებელი პარკი.
„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ზოოპარკი გაუქმდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ზოოპარკის ნაცვლად უნდა იყოს გარეულ ცხოველთა სარეაბილიტაციო თავშესაფარი, რომელიც არ უნდა იყოს ქალაქში ან ქალაქთან ახლოს. ზოოპარკის დირექციასთან ჩვენ ამ საკითხზე უკვე 3 წლის განმავლობაში ვსაუბრობთ.მე ვიყავი თბილისის ზოოპარკის მონიტორინგის ჯგუფის წევრი და ჩვენ როდესაც ვატარებდით მონიტორინგს ზოოპარკში, ჩვენ სულ გამოვხატავდით პოზიციას, რომ წინააღმდეგები ვართ ზოოპარკის არსებობის, მით უფრო, იმ პირობებში, რა პირობებშიც იყო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უბრლოდ, ციხე, არასერიოზული გასართობი დაწესებულება და ჩვენ სულ ვსაუბრობდით ზოოპარკის თავშესაფრად გადაკეთების აუცილებლობაზე.ადგილი, რომელიც თავშესაფრისთვის იქნება შესაფერისი, ასარჩევია და ეს უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით. ჩვენ გამოვდივათ ინიციატივით, რომ ის თანხა, რომელიც ახალი ზოოპარკის აშენებას უნდა მოხმარდეს, სწორედ ამ სარეაბილიტაციო თავშესაფარს მოხმარდეს“ , – განაცხადა ირაკლი კიკილაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორებმა გამოკითხვა ჩაატარეს.
ვოქსპოპში მონაწილეთა უმრავლსობა ზოოპარკის არსებობას, მით უფრო თბილისში, ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება ზოოპარკის ადმინისტრაციის პოზიციას, უცვლელია და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზოოპარკის არარსებობის იდეას.
როგორც ზოოპარკის დირექტორის მოადგილემ, დავით თაქთაქიშვილმა „კვირას“ განუცხადა, თუნდაც, ორი ფაქტორი, რის გამოც ზოოპარკი უნდა არსებობდეს, შემდეგია: ზოოპარკის კონსერვაციული და საგანმანათლებლო დანიშნულება.
„მას შემდეგ, რაც ზოოპარკი დააარსა კაცობრიობამ, ადამიანებმა, ორად გაიყო საზოგადოების აზრი. ნაწილს მიაჩნია ,რომ ზოოპარკი არ არის საჭირო და ეს არის ცხოველებისთვის ციხე და უნდა იყვნენ ისინი თავისუფლებაზე, მეორე ნაწილს კი, მიაჩნია, რომ ზოოპარკები უნდა არსებობდეს.
ბუნებრივია, ვიზიარებ ამ უკანასკნელს, რადგან ზოოპარკში ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ზოოპარკის არსებობა აუცილებელია. ჯერ ერთი, ზოოპარკს აქვს კონსერვაციული დატვირთვა, ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას არიან მისულები, ზოოპარკში ზრუნავენ მათ გადარჩენაზე. ეს გამოიხატება იმაში, რომ ზოოპარკი არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ცხოველი გადაარჩინო. ცხოველი რომ გადაარჩინო, პირველ რიგში, უნდა შეისწავლო მისი ბუნება, მისი ქცევა, რისი გაკეთებაც ბუნებაში არის შეუძლებელი. უამრავი სპეციფიკური დეტალია. არის ცხოველი, რომლის ბუნებრი პირობებში დაკვირვება შეუძლებელია, მიუხედავად , 21-საკუნის მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა. ასევე, მეორე ფაქტორი , რის გამოც ზოოპარკის არსებობა აუცილებელია, აღსანიშნავია, რომ ზოოპარკს, გარდა კონსერვაციულისა, ასევე საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. ეს გულისხმობს ზოოპარკში საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება და ადამიანებში ცხოველების სიყვარულის გაღვივებაა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ზოოპარკში საგანმანათლებლო ტურის შემდეგ, ბავშვმა საკუთარ მონადირე მამას, ნადირობა გადააფიქრებინა, ასე რომ თუნდაც, ამ ორი ფაქტორის გამო, ზოოპარკის არსებობა აუცილებელია”, – განაცხადა დავით თაქთაქიშვილმა.