სტიქია, რომელმაც საქართველო გააერთიანა – ადამიანური სიკეთის კეთების კონკრეტული მაგალითები
უხვი ნალექის გამო აბობოქრებულმა, თითქოს და უწყინარმა „ვერა რეჩკამ“ 2015 წლის 13 ივნისი დაუვიწყარ ღამედ აქცია და ადამიანების ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ეს ღამე ზოგისთვის ტრაგიკულად დასრულდა, ზოგმა სიკვდილთან ბრძოლის შემდეგ გათენება იზეიმა, ზოგმა სიცოცხლე უფრო მეტად დააფასა, ზოგისთვის კი დღე საყვარელი ადამინებისა და თავშესაფრის გარეშე გათენდა.
სტიქიის შედეგად მსხვერპლთა და დაკარგულთა რაოდენობა დღითიდღე უფრო იმატებდა. ადიდებულმა მდინარემ ადამიანთა ნაწილი საკუთარი სახლებიდან გაიტაცა, ნაწილი კი ავტომანქანებიანად შლამსა და ტალახში ჩამარხა.
ოფიციალური ინფორმაციით, 3 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება, 19 გარდაცვლილს კი მაშველებმა ვერის ხეობისა და მზიურის ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისა და ქვეყანას დამტყდარი უბედურების ირგვლივ დახმარების სურვილით მთელი საქართველო გაერთიანდა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა მხარდაჭერა თავისებურად გამოხატა.
ახალგაზრდების ნაწილი გმირთა მოედანს მდინარისგან მოტანილი ხეებისგან წმენდდა, ნაწილი კი მაშველებს ზოოპარკსა და მზიურში მიწაში ჩამარხული ავტომობილებისა და ცხედრების ძებნაში ეხმარებოდა. უამრავ ახალგაზრდას კი თავად მოხალისეთა დახმარების სურვილი ამოძრავებდა. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი თბილისის უბნების გამგეობებში, სადაც მოსახლეობა დაზარალებულთათვის პირველადი მოხმარების ნივთებს აბარებდა.
სწორედ ერთ- ერთი ასეთი ადამიანი აღმოჩნდა რუსთავში მცხოვრები თამაზ პაპიაშვილი, რომელმაც სტიქიის დროს დაზარალებულთათვის უანგაროდ ავეჯის დამზადების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ განცხადება მან facebook-ში განათავა და საკონტაქტო ნომერი მიუთითა. როგორც „კვირას“ პაპიაშვილმა განუცხადა, კონკრეტულ ავეჯზე შეკვეთის მიღებისთანავე იგი, კონკრეტულ მისამართზე მივა და შესაბამის ზომებს აიღებს და ავეჯს სრულიად უფასოდ დაამზადებს. თამაზ პოპიაშვილს ხის საამქრო რუსთავში აქვს და თბილისში ჩამოსვლა საკუთარი სახსრებით უწევს.
არავის გამოპარვია იმ ტაქსისტების საქციელი, რომლებსაც ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ, თუმცა ტალახში ამოსვრილ მოხალისეებს უფასოდ ემსახურებიან. ამ ადამიანების გულისხმიერებამ თბილისელების გული მაშინვე მოიგო და მათ საქციელმა მალე მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ასევე თბილისში, ბაზრობის თანამშრომელთა ხელგაშლილობა, როდესაც იქ მისულ ადამიანებს თავისივე დახლებიდან ამორჩეულ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანსაცმელებს უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისთვის სთავაზობდნენ.
რა თქმა უნდა, ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა მიერ გაწეული ქველმოქმედებისა და თავდადების შესახებ ინფორმაციის მოძიება შევძელით. „კვირა“ ასეთი ადამინების მოძიებას ისევ შეეცდება და მათ გულისხმიერებაზე კვლავ მოგიყვებათ.