რას აცხადებენ სპეციალისტები სტიქიის მიზეზებსა და კატასტროფის რისკის შემცირებაზე

გეოლოგები, გეომორფოლოგები, ურბანისტები, არქიტექტორები, სეისმოლოგები, ექსპერტები და დარგის სხვა სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ვერეს ხეობა საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო, იქ მშენებლობები და მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევა დანაშაული იყო. უფრო მეტიც, გეომორფოლოგების შეფასებით, აღნიშნული ტერიტორია გამოკვლეულიც იყო, დასკვნებიც არსებობდა და გაწერილიც იყო, რა შეიძლება მომხდარიყო, თუმცა სპეციალისტების არანორმალური შრომის შედეგად დადებული კვლევებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
პორტალ „კვირას“ რესპონდენტები დეტალურად საუბრობენ სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე და ყველა მათგანი ერთი მიმართულებით მიდის – მეცნიერება, სპეციალისტები და მათი დასკვნები არავის აინტერესებს. სტიქიური უბედურების მიზეზი კი პროპესიონალების იგნორირებაა.

სტიქიის გამომწვევი მიზეზები

11537702_997342000310644_8350809821476258845_n

არქიტექტორი, ექსპერტი გიგა ბათიაშვილი ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას ხუშტურებზე აგებულ პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებს, რომ მდინარე ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ხელოვნური შეკავება ყველამ იცოდა, რა შედეგებსაც მოიტანდა: „ვერე“ პატარა მდინარეა, მაგრამ საკმაოდ დიდი აუზიდან აგროვებს წყლებს, ნალექების შემთხვევაში იცის ადიდება. ეს ვერეს ადიდების მეოთხე შემთხვევაა. კატასტროფის მიზეზი ამჯერად ხუშტურებით მართვა აღმოჩნდა. მთავარი ის კი არ არის, ახალი გზა გვჭირდებოდა თუ არა და, ბუნებრივია, რომ გვჭირდებოდა, მაგრამ მთავარია, როგორი უნდა ყოფილიყო ეს გზა. კარგი არქიტექტორი მდინარე ვერეს ხეობაში, სადაც მარჯვენა მხარე ეროზიულია, მარცხენა კი ფშვნადი კლდე, არსებულ მშენებლობას არაფრით დაუშვებდა. იქ ხიმინჯებიანი გზა უნდა ყოფილიყო, რომელიც „ვერეს“ ადიდების შემთხვევაში პრობლემას არ შექმნიდა.“

დასკვნებისა და პროფესიონალების უგულებელყოფაზე ამახვილებს ყურადღებას გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ ქუცნაშვილიც. როგორც მან „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სტიქიური უბედურების მიზეზი ყოფილი ხელისუფლების ახირებები აღმოჩნდა. მისივე შეფასებით, სტიქიის დროს ღვარცოფული ნაკადის ასეთი დამანგრეველი სიმძლავრე სწორედ კვლევების გარეშე მშენებლობამ და „ვერეს“ შებოჭვამ განაპირობა.

10310974_997341993643978_5612884267086556623_n

„ვერეს ხეობაში ახალი მშენებლობების დაწყებამდე კვლევები არ ჩატარებულა.ეს რომ გაეკეთებინათ, ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. უფრო მეტიც, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა არ არსებობს. ვერეს ხეობის მონაკვეთი წინა, ძველი გენგეგმის მიხედვით გამოყოფილი და შეფასებული იყო, როგორც მშენებლობისთვის მიუღებელი და გამოუსადეგარი ადგილი“, – აღნიშნა პროფესორმა ქუცნაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო: „ტრაგედია შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, თუ ჩვენი ხელისუფლებები ცოდნაზე იქნებოდნენ ორიენტირებულები. ახალი გზის მშენებლობა დიქტატორულად, ყოველგვარი საინჟინრო კვლევების გარეშე მოხდა. შედგებოდა სქემები დასავლური კომპანიის, ვიწრო ჯგუფის მიერ, ამ სქემას შესთავაზებდნენ მშენებლებს და დაუყოვნებლივ, ფორსირებულად, კვლევების გარეშე იწყებოდა მშენებლობა.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ ქალაქის განვითარების გეგმა არ შედგენილა. ახალი გზა ტერიტორიის შესწავლისა და კვლევის შედეგად დააპროექტეს. არადა, ხეობას, რომელიც მტკვრიდან მის სათავეებამდე 30-კილომეტრია, ფართობი კი 100 კვადრატულ კილომეტრს აღემატება დეტალური შესწავლა და საინჟინრო – გეოლოგიური აგეგმვა სჭირდებოდა, რომელიც დეტალურ გეოლოგიურ, სეისმოლოგიურ, გეოდინამიკურ და სხვა სახის კვლევებს გულისხმობდა.“

კატასტროფის შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა კატასტროფის ადგილას, ახალი გზის მშენებლობის დოკუმენტები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ გზის მშენებლობასთან დაკავშირებით არც ერთი სათანადო უწყების დასკვნა არსებობს და მათთან შეთანხმებულიც კი არ ყოფილა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ დაუდასტურა.

ჯაბა სამუშია: „გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს ღერძთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მერიის არცერთ სტრუქტურასთან შეთანხმებული არ ყოფილა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი გზა გატარებულია, როგორც გზის რეაბილიტაცია და არა მშენებლობა. წარმოიდგინეთ, დოკუმენტაციის მიხედვით არარსებული გზის რეაბილიტაცია მომხდარა. ახალ მაგისტრალს გმირთა მოედანი ვაკე-საბურთალოსთან უნდა დაეკავშირებინა, დოკუმენტებში კი ვკითხულობთ, რომ რეკონსტრუქცია მომხდარა, რადგან თავის დროზე აღნიშნული პროექტი თბილისის მერიის არცერთ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებული არ იყო – არც არქიტექტურის, არც ტრანსპორტის სამსახურთან და არც ზონალურ საბჭოსთან.“

„მდინარის ხეობაში ამ ტიპის ინფრასტრუქტურისა და სახლების მოწყობა არ შეიძლებოდა“, – აცხადებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სტიქიის მიზეზად არარსებულ კვლევებს ასახელებს: „სტიქიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ახალი გზის პროექტის განხორციელებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ მომხდარა.
სტიქიას ადამიანების შეცდომებიც დაემატა, რის გამოც მძიმე შედეგი მივიღეთ. მდინარის დაგუბების რამდენიმე წერტილი არსებობდა. წყალმა მთელი ხეობა ზიანის გარეშე გამოიარა, როგორც კი ქალაქში შემოვიდა, ახალი გზის პროექტის დროს წარმოქმნილ არტახებში ვერ გაიარა და დატრიალდა ტრაგედია“.

ტრაგედიის მიზეზად ახალი გზის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მშენებლობას ასახელებს ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე. როგორც ექსპერტმა პორტალ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, კატასტროფა ვაკე-საბურთალოს გზის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მშენებლობამ გამოიწვია.
ზურაბ ბაქრაძე: „გზის მშენებლობისას არ გამოკვლეულა ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რასაც გზის გაყვანა გამოიწვევდა. გზის საჭიროებაც კი არ გამოკვლეულა. გზის მსენებლობის გადაწყვეტილება ხელისუფლებაში რამდენიმე ადამიანმა მიიღო.“

10983233_997341996977311_7869760416853570347_o„ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა დასახლება არ უნდა მომხდარიყო“ – ასეთია
გეომორფოლოგ, გეოგრაფიის დოქტორ გიორგი დვალაშვილის დასკვნა „ვერეს“ ხეობაში დატრიალებულ უბედურებაზე. „ვერეს“ ხეობაში წყალდიდობა ადრეც მომხდარა, თუმცა მსგავსი კატასტროფული შედეგი არ გამოუწვევია. მოვლენა, რომელიც 13 ივნისს დაფიქსირდა, თავდაპირველად კლდეზვავური წარმონაქმნი იყო. მოიხსნა საკმაოდ დიდი ტყის მასა, წამოვიდა ფერდობზე და მდინარე ვერე დააგუბა. საკმაოდ დიდი მოცულობის წყლის მასა წარმოიქმნა, რომელიც მდინარემ გაარღვია და ხეობაში დაეშვა. სტიქიისას 13 მეტრის სიმაღლის წყლის მასა დაფიქსირდა. ეს ძალიან დიდი წყლის მასაა. ეს იყო მდინარის საკუთარი ტერიტორია, ჭალა, რომელსაც ყოველი წყალდიდობისას მდინარე ტბორავდა. ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასახლება არ უნდა მომხდარიყო. ამ ტერიტორიაზე კვლევების ჩატარება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტების ჩართულობით, ყველა ღვარცოფული და მეწყერული უბნების დაფიქსირება უნდა მოხდეს“,- განაცხადა გიორგი დვალაშვილმა.

გეომორფოლოგის თქმით, არსებობდა დასკვნა და პროექტები, რა შეიძლებოდა „ვერეს“ ხეობაში მომხდარიყოდა და ეს ყველაფერი გათვლილი იყო, თუმცა ყურადღება არავის მიუქცევია.

„60-იან წლებში ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ შესაძლო საფრთხეები შეესწავლა და მისი პროგნოზირება მოეხდინა. თუმცა, არსებული დასკვნებით, კარგა ხანია სახელმწიფო უწყებები აღარ ინტერესდებიან.
„ ყველაზე მასშტაბური დარტყმა გივი სვანიძის ქუჩაზე მოხდა, იქ, სადაც ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია მდებარეობდა და სტიქიამ მთლიანად დაანგრია. 1962 წლიდან ამ ლაბორატორიაში მიმდინარეობდა მდინარე ვერეზე დაკვირვება. დაკვირვების შედეგები და მასალები რეგულარულად გადაეცემოდა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურს, სადაც საფრთხეების პროგნოზირება ხდებოდა.
საფრთხეები, რა შეიძლება მომხდარიყო, გათვლილი იყო, მაგრამ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან დაინტერესება არ მომხდარა. . ჩვენ ვაკეთებდით დასკვნებს, მაგრამ არავის აინტერესებდა ის. თითქმის ყველაფერი, რაც მოხდა, აღწერილი გვქონდა. ის დღესაც ხელმისაწვდომია, მთავარია, ვინმე დაინტერესდეს“, – აღნიშნა გეომორფოლოგმა, ექსპერტმა გიორგი დვალიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.

რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ სტიქიის თავიდან ასაცილებლად?!

ექსპერტები და სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ შესაძლო რისკისა და საფრთხეების თავიდან აცილებაზე და ამბობენ, რომ კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელია.

პროფსორი ომარ ქუცნაშვილი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია კველვების დაწყება: „უნდა ჩატარდეს კვლევები. საჭიროა საინჟინრო – მეცნიერული, საინჟინრო – გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმო – ტექნიკური კვლევები. კომპლექსური კვლევების საფუძველზე მთელი ამ აუზის დეტალური რუკა უნდა შედგეს, რაც გრძელვადიანი პროგნოზირების საშუალებას მოგვცემს.
მეწყერსაშიში ზონები არსებობს და ისინი კვლევებს საჭირობენ. უნდა შეიქმნას 7 სამეცნიერო ცენტრი და მოსალოდნელი გეოლოგიური მოვლენები პორგნოზირებული უნდა იყოს“.

სპეციალისტების ჩართულობით მასშტაბური კვლევების საჭიროებაზე საუბრობს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ჯაბა სამუშიაც. მისი ქმით, ხელისუფლებამ ამაზე ამაზე ურბანისტებთან, ექსპერტებთან, გეოლოგებთან ერთად იმსჯელებს:
„ახალი გზის მონაკვეთთან მიმართებაში ბევრი შეკითხვები არსებობს. ამის ასე დატოვება გამორიცხულია. საჭიროა ამ მონაკვეთის ფუნდამენტური შეცვლა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გზა მთლიანად უნდა დარჩეს და გმირთა მოედანი ვაკე- საბურთალოს გადასასვლელს დაუკავშირდეს, თუმცა რა ფორმით მოხდება ამ გზის შეცვლა, ამაზე ურბანისტებთან, ექსპერტებთან, გეოლოგებთან ერთად ვიმსჯელებთ. ვნახავთ იმ პროექტებსაც, რომელიც თავის დროზე მშენებლობის დაწყებისას იქნა შემოტანილი და გზის ხიმინჯებით მშენებლობას გულისხმობდა“.

11188443_997342006977310_3022609261066292544_n

კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ მოშლილია და შესუსტებულია საფრთხეების მონიტორინგის სისტემა.
„ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან აქცენტი კეთდებოდა საგანგებო სიტუაციების რეაგირებაზე, შესაბამისად, მონიტორინგის სისტემები, სპეციალისტების მომზადების ინსტიტუტები არ სარგებლობდნენ საჭირო მხარდაჭერით. დაკვირვების სისტემა დიდ რესურსს ითხოვს. როდესაც ობიექტი შენდებოდა, გარკვეული რეგულაციებიც კი ექსპერტულ დასკვნას არ ითხოვდა. ეს რეგულაციები ახლა ბრუნდება და იმედია, ასეთი დაბალანსებული სისტემა უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად შერბილებას, რომ ასეთი სავალალო შედეგი არ დადგეს. აუცილებელია შეფასდეს რისკები და შემდეგ – ამ რისკების მიხედვით გაწერილი სცენარები, სადაც რეაგირების გეგმა იქნება აღწერილი. შესაცვლელია საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს სტრუქტურული ცვლილებები, აღჭურვა და სპეციალისტების მომზადება“,- აღნიშნა ვანო გრიგოლაშვილმა.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე კი ამბობს, რომ სახლმწიფო კომისიის შეკრებაა საჭირო, რომელიც პრობლემებს კომპლექსურად შეისწავლის.

11403362_997342003643977_8788499584944800041_n

„პრობლემა კომპლექსურია, ისევე, როგორც ურბანისტიკის დისციპლინაა კომპლექსური. ურბანისტიკა დისციპლინათაშორისი დარგია და ბევრ რამეს მოიცავს, დაწყებული სამართლით. უნდა აიკრძალოს ზონების დაუსაბუთებელი ცვლა. უნდა მოხდეს მერიის სამსახურებისა და ცენტრალური სამინისტროების სერიოზული რეორგანიზაცია და ურბანისტულმა პრობლემატიკამ ეკონომიკის სამინისტროდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა გადაინაცვლოს, რომელიც უკვე კონცეპტუალურ, ნორმატიულ და საკანონმდებლო დონეზე მიხედავს ამ პრობლემებს. კომპლექსური პროგრამა უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა მოეწყოს თბილისის საინჟინრო გენერალური სხდომა თავისი სამუშაო პროცედურებით, თავისი სამოქმედო გეგმით. ეს ვერ დაელოდება მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმას. გასათვალისწინებელია ობიექტური ფაქტორებიც, რომლებზეც აზრი მეტეოროლოგებს უნდა ვკითხოთ“ – აღნიშნავს ვარდოსანიძე.

მართალია, სვანიძის ქუჩაზე არსებული ჰიდრო მეტეოროლოგიური ლაბორატორია სტიქიამ მთლიანად გაანადგურა, თუმცა, ლაბორატორიის წარმომადგენელს, გეომორფოლოგ გიორგი დვალიშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეპირი დაპირება შესრულდება და ლაბორატორია აღდგება.

ეკა გულუა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები