„დღევანდელი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკაში არსებულ რეალობას ასახავს“
სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია,- ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით კომპანია KPMG-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნებში სასესხო პროდუქტების არსებული საპროცენტო განაკვეთები. როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, კვლევამ მოიცვა ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები.
“შედეგი არის შემდეგი – საქართველოში სასესხო პროდუქტების აბსულუტურ უმეტესობაზე უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე – ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ხოლო უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთსა და უფრო განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს, პრინციპში, სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სრული ჩემპიონია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმების თვალსაზრისით, არის ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ კვლევის შედეგად წერტილი დაესმება ისეთი აბსურდული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობას, თითქოს საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
როგორც ქადაგიძემ განმარტა, საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ეკონომიკაში არსებულ რეალობას ასახავს. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ეკონომიკური განვითარების გაგრძელების, პარალელურად საპროცენტო განაკვეთების კლება, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად საპროცენტო განაკვეთების კლებაც გაგრძელდება. “მე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ხშირ შემთხვევაში არის ისეთი, რამდენიც იყო დეპოზიტებზე სულ რამდენიმე წლის წინ. ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებასთამ ერთად”, – განაცხადა ქადაგიძემ. გიორგი ქადაგიძემ ეს განცხადება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, “ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შედარების ანალიზის” კვლევის ანგარიშის პრეზენტაციამდე გააკეთა.