თამარ ჭოხონელიძე: თქვე არაადამიანებო! ნაძირალებო! „სპეკულანტობთ“ ადამიანების უბედურებით!

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, საზოგადოების იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელმაც სტიქიის შედეგად „ხელის მოთბობა“ გადაწყვიტა. მომღერალი განსაკუთრებულად ტაქსის მძღოლებს მიმართავს, ვინც დღევანდელ ვითარებაში ტარიფის გადასახადი გააძვირა. ამასთანავე, მომღერალი იმ ახალგაზრდებს მადლობას უხდის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარნენ.
„მთელი საქართველოა დღეს ჭირისუფალი და ყველას გისამძიმრებთ, ჩემო ძვირფასებო… ეს წუთია ტელევიზიით მოვისმინე ინფორმაცია, რომელმაც ამ დიდ ტრაგედიას კიდევ სირცხვილით გამოწვეული ტრაგედია დაუმატა!
უდიდესი სიამაყის განცდა გაგვიჩნდა თითოეულ ჩვენგანს ახალგაზრდების ასეთი თავგანწირვის გამო და მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ ვუთხრა, თქვენ გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა, ჩვენო შვილებო! – ცრემლებამდე ვარ მისული თქვენი დიდი ადამიანობით – სიამაყის ცრემლებამდე!
იმდენი რამ მინდა გითხრათ და სიტყვები არ მყოფნის! მაგრამ რაც ახლა მოვისმინე, დაუჯერებელია, მაგრამ რეალური და მწარე! თურმე გუშინ, როცა ხალხი დარაზმული იყო სტიქიის ადგილას წასასვლელად, დაზარალებულთა დასახმარებლად ნიჩბების შესაძენად მისულებს ფასები მომატებული დახვდათ.
გესმით თქვენ. ტაქსის მძღოლებიც არ ჩამორჩნენ და ტარიფი გააძვირეს! მათ მინდა მივმართო, თქვე არაადამიანებო! ნაძირალებო! „სპეკულანტობთ“ ადამიანების უბედურებით! დაგიდგათ არა ხელსაყრელი მომენტი? ფუი, თქვენს ადამიანობას!
ახლა უფრო დამენანა ის უენო ცხოველები! თქვენ ხომ მათ რიცხვშიც არ ეწერებით? სახლში მიიტანეთ არა ეს ფული? საშოვარზე იყავით გასული არა? როგორ გითხრათ სიტყვა – გრცხვენოდეთ!
თქვენ ხომ გაწყვეტილი გაქვთ შუბლის ძარღვი და რისი უნდა შეგრცხვეთ?“- წერს თამრიკო ჭოხონელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები