ზვიად შალამბერიძე – ევროკომისიის ანგარიშზე: დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო

„დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კანდიდატის სტატუსით ხდებოდა საქართველოს დაშანტაჟება, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით და ახლა, როდესაც ერთადერთი ბერკეტი შერჩათ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ამ ბერკეტის გამოყენებასაც ფიქრობენ.

„დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ, რომ კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო. ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგით შარშან, როდესაც ყველაზე მთავარი პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტზე, ამ შემთხვევაში ვთქვით უარი, გაეხსნებოდა თუ არა საქართველოს მოლაპარაკებები და განაცხადა საქართველომ მკაფიოდ, რომ აგრძელებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას იმ შემთხვევაში, როდესაც 2028 წლისთვის სრულად იქნება მომზადებული და ყველაზე მეტად იქნება მომზადებული კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით – მაშინ გააკეთებს განაცხადს და გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელსაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია. ძალიან კარგად გვახსოვს, რომ კანდიდატის სტატუსით ხდებოდა ჩვენი დაშანტაჟება, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით და ახლა, როდესაც ერთადერთი ბერკეტი შერჩათ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, ამ ბერკეტის გამოყენებასაც ფიქრობენ“, – განაცხადა შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები