„გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი იყო, რომ ჩვენ შემოტევები თავიდან აგვეცილებინა, წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოებას” – ხუნდაძე

„გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი იყო, რომ ჩვენ შემოტევები თავიდან აგვეცილებინა, წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოებას, მას დაარქვეს „რუსული“, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

„ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, ვინაიდან მომსწრე ვიყავით ჩვენც და საზოგადოებაც, რომ მსხვილად დაფინანსებული არასამთავრობო სექტორები სრულიადაც არ იყვნენ არასამთავრობო წარმომადგენლები. ისინი იყვნენ უცხო ქვეყნების სწორედაც რომ სამთავრობო წარმომადგენლები, რომლებიც დიდი ფულის ფასად ასრულებდნენ დაკვეთას, მიჰყვებოდნენ გაწერილ სცენარს და ძირითადად დაკავებულები იყვნენ დესტრუქციით. ჩვენ მომსწრე ვიყავით საქართველოში არაერთი რევოლუციის მოწყობის მცდელობის, მაედნის, ხელისუფლების შეცვლის.

ეს ხდებოდა საქართველოში, მაგრამ იგეგმებოდა საქართველოს მიღმა. ეს არ იყო მხოლოდ დამოუკიდებლად საქართველოსთვის გაწერილი სცენარი. ეს ხდებოდა ევროპაში, ეს ხდებოდა თავად ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სექტორულ მიმართულებაში და ძირითადი დარტყმის ობიექტი, რა თქმა უნდა, იყო ევროპა, ის ქვეყნები, რომლებიც ინსტრუმენტად უნდა ყოფილიყვნენ გამოყენებული, შეცვლილიყო მათთვის არასასურველი ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყანაში.

როდესაც ჩვენ არასამთავრობო სექტორის ასეთ მავნებლურ ქმედებაზე ვსაუბრობდით, მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო, ყურს ჭრიდა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ფაქტობრივად, იყო აკრძალული ამაზე საუბარი, დასმულ კითხვებსაც პასუხს არავინ სცემდა. „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი იყო, რომ ჩვენ ეს შემოტევები თავიდან აგვეცილებინა, წაუკითხავად გააპროტესტებინეს საზოგადოებას. მას დაარქვეს „რუსული“ და ჩვენს მიერ მოთხოვნილი გამჭვირვალობა შერაცხეს ისე, თითქოს ჩვენ ვიყავით ანტიდასავლური წარმომადგენლობა, რუსეთუმეები. არადა, ჩვენს შემდეგ, სანამ ამერიკაში ადმინისტრაცია შეიცვლებოდა, მანამდეც თავად ევროპის არაერთ ქვეყანაში გააძლიერეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი იმიტომ, რომ ყველამ დაინახა ის საფრთხე, რომ შიდა პოლიტიკური პროცესები გარედან საიდანღაც იმართებოდა. რა თქმა უნდა, ეს საიდანღაც არის სწორედ ის მისამართი, რომელსაც თავად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაარქვა „დიფ სთეითი“ და „ჩრდილოვანი მმართველობა“, რასაც თვითონ დაუწყო ბრძოლა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები