ამირან სალუქვაძე: ვინმემ არ თქვას, ცუდი თაობა მოდისო, ძალიან მაგარი თაობა მოდის, ჩვენზე უკეთესები

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე სტრიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კომერციული ობიექტების მფლობელებს მიმართავს, მოაწესრიგონ თავიანთი ობიექტები. ამის შესახებ სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“რამდენჯერმე დავწერე ჩემი პატივისცემის შესახებ იმ ხალხის მიმართ, რომლებიც მესამე დღეა მართლა უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ. პატარა ასაკის აღარ ვარ და განსაკუთრებით გამიხარდა ახალგაზრდობის ასეთი აქტიური მონაწილეობა. მაგრამ ერთი რამ უნდა დავწერო აუცილებლად. სტიქიის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უამრავი კომერციული ობიექტი: ბენზინგასამართი სადგურები, ვულკანიზაციები, მაღაზიები და ა.შ. რას ელოდებიან, რომ მერია ან მოხალისეები დაულაგებენ? დაულაგებს მერია, მასე ხომ არ დატოვებენ ტერიტორიას, მაგრამ რომ გამოხვიდეთ და მოასუფთაოთ, არ შეიძლება? უკვე 3 დღე გავიდა და ზოგან ისეთი ტალახია, იქ როგორ მუშაობენ? შარშან ტრაპიზონში წყალდიდობაშ მოვყევი. ჩემს თვალწინ ათობით მანქანა წყალში ჩაიძირა. წყალმა ნაგვის მასები და ტალახი მოიტანა. მთელი ღამე წელამდე წყალში მუშაობდა ხალხი, მობინადრეები, კომერციული ობიექტების თანამშრომლები. ვინც იცით ტრაპიზონი, ხომ წარმოგიდგენიათ, ქუჩაში აქვთ გამოფენილი ყველაფერი და ვაჭრობენ. მიწისქვეშა გადასასვლელები ქვიშით გამოივსო. ჩემს თვალწინ მუშაობდა სასტუმროს მეპატრონე და მისი 3 ვაჟი. მოკლედ, სადილის დროისთვის სტიქიის კვალი აღარ ემჩნეოდა იქაურობას, გამოვიდნენ და მორეცხეს ყველაფერი. ჰოდა, პატივცემულებო, მოაწესრიგეთ საკუთარი კომერციული ობიექტები: გასამართი სადგურები, სასტუმროები, ვულკანიზაციები (საბურავები ტალახში უწყვიათ…). ვის ელოდებით, სტუდენტებს? მოხალისეებით კი, განსაკუთრებით ახალგაზრდებით ვამაყობ, მიხარია. ვინმემ მეტი არ თქვას, ცუდი თაობა მოდისო. ძალიან მაგარი თაობა მოდის, ჩვენზე უკეთესები“, -წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები