აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგისტრალის გაყვანა არ შეიძლებოდა – გეოლოგთა შეფასებები

გეოლოგების შეფასებით, სტიქიური უბედურება ქალაქის არასწორად დაგეგმარებამ, პროექტების არარსებობამ, გეოლოგიური მდგომარეობის გაუთვლელობამ და „კარის ინჟინრებზე“ მინდობილმა პოლიტიკამ გამოიწვია.
როგორც სპეციალისტები პორტალ „კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, ვითარება ურთულესია, მეწყერსაშიში ზონები აქტიურია და როდის რა მოხდება, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
ქალაქდაგეგმარების სპეციალისტი და გეოლოგი ზურა ბაქრაძე აცხადებს, რომ ახალი მაგისტრალის გაჭრა არც ერთი გათვლით არ შეიძლებოდა:
„ეს უბედურება ქალაქის არასწორად დაგეგმარებამ გამოიწვია. ახალი გზის არც პროექტი არსებობდა და არც დაგეგმარება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგისტრალის გაყვანა არ შეიძლებოდა. ამ გზამ მოკლა შესაძლებლობა, მდინარის ქცევა გათვალისწინებული ყოფილიყო. მითუმეტეს, როცა არც გეოლოგიური დასკვნა არსებობს და არც ამ გზის პროექტი. არც სატრანსპორტო სქემის თვალსაზრისით არსებობდა ამ გზის საჭიროება. ყველაფერს კი აკეთებდა ერთ-ერთი „კარის ინჟინერი“, რომელსაც, რასაც ავალებდნენ, ყველაფერს ასრულებდა. პრიმიტიულად გაკეთდა და შედეგებმაც არ დააყოვნა“.
ბაქრაძის შეფასებით, არსებული მაგისტრალი მთლიანად უნდა დაინგრეს და მდინარე ვერე გათავისუფლდეს.
როგორც რესპონდენტი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკი და საშიშროება იგივე მოცულობის იქნება:1470370_1136608689688453_6352750417804372926_n
„აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა, დიდი პარკი უნდა მოეწყოს. მაგისტრალი უნდა დაინგრეს და გათავისუფლდეს მდინარე. ვერეს საშუალება უნდა მიეცეს, ადიდებისას ნაპირებზე გადმოვიდეს და იცოცხლოს. ეს შესაძლო არაპოპულარული გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე რისკების წინაშე ვდგავართ. რა მასაშტაბის დაგუბება მოხდება, პროგნოზი შეუძლებელია. მდინარე უნდა იყოს გახსნილი, მდინარის გვირაბში გატარება წარმოუდგენელია.“
ექსპერტის თქმით, ახალი მაგისტრალის პარალელურად, გმირთა მოედნის მთელი კვანძი დასანგრევია.
„რაც იქ ხდება, სრული კატასტროფაა“, – ამბობს ბაქრაძე და „მდინარე ვერეს“ მტკვართან შეერთების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„მდინარე ვერე უნდა შეერთდეს მტკვართან, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდინარის ბუნებრივთან მიახლოებულ არსებობას. სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდუვალია.“1379945_1136608373021818_6600216590807446212_n
არსებულ მდგომარეობას რთულად აფასებს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილიც. როგორც მან “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, სპეციალისტები მსგავსი მასშტაბის სტიქიას არ ელოდებიან, თუმცა რეციდივები იქნება.
„ვერეს ხეობის გეოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია. სხვა შეფასება შეუძლებელია. მსგავსი მასშტაბის სტიქიას არ ველოდებით, მაგრამ გარკვეული რეციდივები იქნება. სიტუაცია რთულად რჩება. ეს  დაუსახლებელი ტერიტორია იყო. იქ ადამიანი არ ცხოვრობდა, არის სენსიტიური გეოლოგიური გარემო და ამავდროულად მაპროვოცირებელი უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა გამანადგურებელი აღმოჩნდა. დიდი ხნის პერიოდში ამ ნალექებმა გაადიდეს გრუნტების ტერიტორია და მოხდა ის, რაც მოხდა. სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს რისკები, მაგრამ, რაც 13-14- ში მოხდა, მისი განმეორება გამორიცხულია. საქართველოს ტერიტორიის 70% -ში გეოლოგიური პროცესები სხვადასხვა მასშტაბით დარღვეულია. არის რეგიონები, სადაც სტიქიას ველოდებით, მაგრამ სიტუაციას ვფლობთ, ყველა სარისკო ზონა იდენტიფიცირებულია. სამწუხაროა, მაგრამ წამისა და წუთის განსაზღვრა, როდის რა მოხდება, შეუძლებელია”, – აცხადებს გაფრინდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები