დიმიტრი შაშკინის კორუფციული სქემა

  დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრობის დროს განხორციელებული სასკოლო სახელმძღვანელოების რეფორმა ფულის შოვნის მეთოდი იყო და არა მოსწავლეების განათლებაზე ზრუნვა, – შაშკინის კორუფციული სქემის შესახებ სტატიას გაზეთი “პრაიმტაიმი” აქვეყნებს. როგორც კავკასიის აკადემიური ცენტრის (CAC) დამფუძნებელი ირაკლი კერესელიძე გაზეთთან საუბარში აღნიშნავს, როდესაც განათლების მინისტრად შაშკინი დაინიშნა, მან სიტუაციას გადახედა და ფულის შოვნა გადაწყვიტა. “ჩვენს კომპანიას საქართველოში 2005 წლიდან შემოჰქონდა ძალიან მაღალი ხარისხის ინგლისური ენის სახელმძღვანოლები… ამის გარდა, მოვიგეთ გრიფირება განათლების სამინისტროში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაწვდიდით ამ სახელმძღვანოლოებს საჯარო სკოლებს. ეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი იყო და თანაც უნიკალური, რადაგნ ჩვენ კონკურენტები არავინ გყავდა, ვისაც ამ გამომცემლობასთან ხელი მიუწვდებოდა. როცა განათლების მინისტრად შაშკინი დაინიშნა, სიტუაცვიას გადახედა და ფულის შოვნა გადაწყვიტა,” – აღნიშნავს ირაკლი კერესელიძე.
კავკასიის აკადემიური ცენტრის კიდევ ერთი დამფუძნებელი დავით ცეცხლაძე კი აცხადებს, რომ შაშკინს მოუნდა სასკოლო სახელმძღვანელოების სრული მონოპოლიზება. მისი თქმით, შეიქმნა კანონი, რომლის საფუძველზეც ქართული გამომცემლობები დიმიტრი შაშკინმა აიძულა, მიეცათ საავტორო უფლება. აღნიშნულ კომპანიას კი პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა ბრიტანულ გამომცემლობებთან, ისინი კი საავტორო უფლებას არავის გადასცემდნენ, ამიტომაც შაშკინმა სხვა გზა მოძებნა. “შაშკინს მოუნდა სასკოლო სახელმძღვანელოების სრული მონოპოლიზება. მანამდე ის ჩვეულებრივი “ნადზირატელი” იყო და არ ჰქონდა ბიზნესსქემების აწყობის გამოცდილება. ბუნებრივია, ის დაეკითხებოდა თავის მასწავლებელს, ზურა ადეიშვილს, როგორ მიეთვისებინა ეს ბაზარი და სქემაც შედგა… მან და თავისმა ცოლმა გამოიყენეს კომპანია, “ინგლისური წიგნი საქართველოში”, რომლის დამფუძნებლები პირობითი სუბიექტები არიან, თუმცა შაშკინის და მისი მეუღლის პირდაპირი კავშირი ამ კომპანიასთან მარტივად დგინდება. შემდეგ ის გაემგზავრა ბრიტანეთში გამომცემლობასთან შესახვედრად,” – აცხადებს დავით ცეცხლაძე.
მისივე განცხადებით, მოგვიანებით სწორედ ამ კომპანიასთნ “ინგლისური წიგნი საქართველოში” შაშკინმა გააფორმა მემორანდული და კომპანიამ სკოლებისთვის მაკმილანის სახელმძღვანელოების მიწოდება დაიწყო. “ამ კომპანიასთან შაშკინმა გააფორმა მემორანდუმი, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებულია. მან მაკმილანს მთელი ბაზარი შესთავაზა, რომელიც 600 ათას მოსწავლეს წარმოადგენდა და დაჰპირდა, რომ ის იქნებოდა სახელმძღვანელოს ექსკლუზიური მიმწოდებელი. შაშკინისა და მაკმილანის გარიგების შედეგად შეირჩა სახელმძღვანელოს, რომელიც რუსული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი… ამ წიგნის სტრუქტურა რომ ავიღოთ, ნახავთ, რომ ის ჰიპოთეტურად კი არ არის რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი, არამედ რეალურად ტექსტებშიც აისახება რუსული ტენდენციები. შაშკინმა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ინტერესების გამო, იმიტომ რომ წიგნის თვითღირებულება იქნებოდა ძალიან დაბალი, შემოიტანა რუსული ბაზრისთვის განკუთვნილი წიგნები და ამის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ მიეღო დიდი მარჟა”, – ამბობს ცეცხლაძე და იქვე აღნიშნავს, რომ ამ წიგნის თვითღირებულება ადგილზე ჩამოტანით დაახლოებით სამი ლარი იქნება, საქართველოში კი 25-30 ლარად იყიდებოდა.
აღნიშნულ ბრალდებებზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს: “თავშივე ტყულია ეს ყველაფერი. 2011 წელს ძალაში შევიდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც იყო დაგეგმილი ჩემს მინისტრობამდე. ეს ბოლონიის პროცესის თანახმად მოხდა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები