ილია მეორე: დღეს ქართველი უშრომელ შემოსავალს ეძებს
დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.
როგორც პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, სანამ საქართველოს ახალგაზრდობა უცხოეთში მოსამსახურედ მუშაობს, ქვეყნის მიწა-წყალს უცხო იკავებს და ეპატრონება.
“ყოველ პერიოდს ახასიათებს თავისი რაღაც ისეთი თვისება, რომელიც ადრე არ ყოფილა. დღევანდელი მდგომარეობა განსხვავდება სხვისგან. ქართველი ადამიანი მუდამ ცდილობდა მოეპოვებინა მიწა, ემუშავა, ეშრომა თავის მიწაზე. დღეს ქართველი ადამიანი გაურბის მიწაზე მუშაობას, ეძებს ისეთ შემოსავალს, სადაც შრომა არ იქნება საჭირო. ფსალმუნში ჩვენ ვკითხულობთ: მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდი. აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გვაჩვენოს გზა. უფალი ბრძანებს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. იმის მაგივრად, რომ მივყვეთ უფლის სიტყვებს, ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურეებად მუშაობს იმ დროს, როდესაც სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენს მიწა-წყალს. ამიტომ მოგმართავთ ყველას, იფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს შვილებზე, ჩვენს მომავალზე”, – ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, ქართველ ადამიანს მხოლოდ ქართული მიწა გადაარჩენს, ვიაიდან მიწაზე მუშაობა ღვთის ლოცვა-კურთხევაა.
“ჩვენი მიწა-წყალი დალოცვილია. ამიტომ ვიფიქროთ ამაზე და შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა. შევთხოვ უფალს, რომ ქართველი ხალხი, რომელიც წასულია უცხოეთში, მალე დაბრუნდეს, დაუბრუნდეს თავის მიწას. ქართული მიწა გადაგვარჩენს”, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
პატრიარქი ამავე ქადაგებაზე მეფუტკრეობის დარგსაც შეეხო და ისევ აღნიშნა, რომ სამების ახალგაზრდულ ცენტრში მეფუტკრეობის სასწავლებელია გახსნილი და მრევლს მეფუტკრეობის შესწავლისკენ მოუწოდა.