თეა წულუკიანი ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფოკაში იმყოფებოდა, სადაც პროექტის – “მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს” – ფარგლებში ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ფოკას ადგილობრივ დეპუტატ ენზელ მკოიანთან და გაზეთ “ვრასტანის” მთავარ რედაქტორ ვან ბაიბურთთან ერთად ეწვია. ფოკაში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.
თეა წულუკიანი ფოკას სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობის შესახებ ესაუბრა და დაინტერესდა, რამდენად გაეცნენ მოსწავლეები იმ ლიტერატურას, რომელიც თეა წულუკიანმა მათ 4 თვის წინ საჩუქრად გადასცა.
მინისტრთან ერთად, ფოკელ ახალგზარდებს თავიანთი გამოცდილება წარსულში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე არტურ კაზაროვმა, ნინოწმინდელმა ნოტარიუსმა რომან კოსტანიანმა და ვან ბაიბურთმა გაუზიარეს. მათ ახლგაზრდებს თავიანთ მაგალითზე უამბეს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში წარმატების მიღწევისთვის ქართული ენის ცოდნა. მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა, რომ ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების სურვილს, იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და იუსტიციის სამინიტრო ფოკას საჯარო სკოლის მოსწავლეებს ივლის-აგვისტოში სვანეთში მოგზაურობას შესთავაზებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკინმა 7 ადგილობრივს საქართველოს მოქალაქის პასპორტი პირადად გადასცა.
იუსტიციის მინისტრმა ფოკის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი კომპიუტერული უნარების ტრენინგის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და ტრენერი წარუდგინა.
50-მდე ახალგაზრდა სწავლებას საზოგადოებრივ ცენტრში გაივლის. ტრენინგის ხანგრძლივობა ორი კვირა იქნება. IX-X კლასის მოსწავლეები საოფისე პროგრამებს დაეუფლებიან. კომპიუტერული უნარ-ჩვევების ტრენინგი პირველი სასწავლო კურსი არ არის, რომელიც ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში იმართება. 2014 წლიდან აქ უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსები, სადაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას კვირაში ორჯერ დისტანციურად ეუფლებიან. ასევე, იუსტიციის მინისტრმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრის გამწვანების აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. თეა წულუკიანმა ენზელ მკოიანთან და ვან ბაიბურთთან ერთად ცენტრის ეზოში „მეგობრობის ხე“ დარგო. საზოგადოებრივი ცენტრების გამწვანების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. მისი მიზანი გარემოზე ზრუნვა და სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა; პროცესში მოსახლეობის ჩართულობა კი სოფლის მცხოვრებთ საშუალებას აძლევს, თავად იზრუნონ საზოგადოებრივ ცენტრებზე, რომლებიც მათ, 200-ზე მეტი სერვისის გარდა, შეკრებებისა და შეხვედრებისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურასაც სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები