სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა
სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა. კოკისპირული წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან დუშეთის, მცხეთა-მთიანეთის, გორის სოფლებში.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სოფლებში დაიტბორა მოსახლეობის ნაკვეთები, სტიქიამ გაანადგურა ნათესები და საყოფაცხოვრებო ნივთები. გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გორის რაიონიც დააზარალა. გორიჯვრისა და დნავისი-ოლოზის მიმართულებით მთიდან ჩამოვარდნილმა ქვა-ღორღმა სამანქანო გზა დააზიანა.
გარდა ამისა, დატბორილია შავშვების დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორია, სადაც ადგილობრივებს წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. სოფელ სკრის მიმართულებით კი დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.
რაც შეეხება დუშეთს, გრემისხევის სამი სოფელი ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერი წვიმის შემდეგად მდინარე ნარეკვავი ადიდდა და ლოდები ჩახერგა, რის გამოც სოფლებში – ციგრიანში, თხინალავასა და არბოეთში შესვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. დუშეთში ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.